ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილს შეიწყალებს.
მისი განმარტებით, წარსულს უნდა დაესვას წერტილი და ამაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების შეწყალებაც იგულისხმება, თუ საქმე მკვლელობას და წამებას არ შეეხება. შესაწყალებელთა შორის ის მიხეილ სააკაშვილსაც გულისხმობს, თუმცა აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალება სურათს ვერ შეცვლის, რადგან მას, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ძველი ან ახალი ბრალდებით მაინც დააპატიმრებენ, განსხვავებით მერაბიშვილისგან, რომელიც უკვე პატიმრობაშია და შეწყალების შემთხვევაში უბრალოდ გათავისუფლდება პატიმრობიდან.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძე პრეზიდენტად კენჭს 2013 წელსაც იყრიდა. მაშინ ის „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იყო და ხმების 22% მიიღო.