პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“- ში განაცხადა, რომ ქვეყანაში იმპორტიორებისგან ქრთამის აღება უფრო ადვილია.
„ომეგას“ სკანდალთან დაკავშირებით ხდებოდა ის, რომ ოქუაშვილმა სიგარეტის ადგილზე წარმოება დაიწყო და მიადგა ეს ჩუბინიშვილი, გახარია და მთელი მაფია და ყველანაირად ჩაძირეს. იგივე მოხდა „ნაციონალების“ დროს, როცა „შირნჰოფერს“ აქ ქარხნის გახსნა უნდოდა, მაგრამ ქარხანა დაახურინეს და დისტრიბუცია დაუტოვეს, რაც მავნებლობაა“, – განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად უნდა იყოს მოფიქრებული ისეთი მოდელი, როცა ადგილზე მწარმოებელ კომპანიებს საშეღავათო პერიოდი დაუწესდება და ეს განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებას შეეხება, რომ მარკეტებში მაგალითად, ქართული ფორთოხლის წვენი გვეღირსოს.
კუკავამ განაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოება ქვეყნის ეკონომიკისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე იმპორტირებული პროდუქციის დისტრიბუცია, რასაც მტკიცება არ სჭირდება.
„მავნებლობაა, რომ საქართველოში, ყველა მარკეტში უკრაინული ფორთოხლის წვენი იყიდება, მაშინ, როცა უკრაინაში ციტრუსი საერთოდ არ მოდის, ჩვენთან კი, აჭარაში, გურიაში და სამეგრელოში, გლეხი იმაშიც ფულს იხდის, რომ მოწეული ციტრუსი ნაგავში გადაყაროს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადგილზე წარმოება არ არის და პროდუქციას ფასი არ აქვს. გასაგებია, რომ საქართველოში ავტოწარმოების გახსნას მილიარდიანი ინვესტიციები სჭირდება, მაგრამ ამ ექვსი წლის განმავლობაში, ფორთოხლის წვენის ქარხნის გახსნა ხომ შესაძლებელი იყო? იგივე შეეხება ჩაის, ატამს და ა.შ“, – განაცხადა კუკავამ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში, მთავრობების ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკა ისაა, ქვეყნის იმპორტ-ექსპორტის სალდო როგორ გააუმჯობესონ და ე.წ სავაჭრო ომებიც ამიტომ მიმდინარეობს, საქართველოში კი, ეს საკითხი პოლიტიკურ ახალ ამბებში არ განიხილება.
„ციფრებში ჩახედული ძალიან ვიწრო წრის გარდა, არც არავინ იცის, რომ მაგალითად, 2003 წელს, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალები“ მოვიდნენ, მაშინაც უარყოფითი სავაჭრო სალდო გვქონდა, მაგრამ ეს დაახლოებით, ნახევარი მილიარდი დოლარი იყო და მაშინ რომ ზრდა დაიწყო, ახლა ოთხი მილიარდი დოლარია. ანუ, ჩათვალეთ, ადგილზე წარმოების დარგები და დაახლოებით, 3,5 მილიარდის პროდუქცია, რომელიც ადგილზე იქმნებოდა, განადგურდა და ამ ყველაფრის იმპორტი ხდება“, – განაცხადა კახა კუკავამ.