სხვადასხვა საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, მეორადი მობილური ტელეფონების ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება – რაც ძალიან საინტერესოა, უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ახალი ტელეფონების გაყიდვები, რომელიც თავის მხრივ ასევე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა მსოფლიოში. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც. ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ყოველდღე უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით მაღაზიების ინტერნეტ რეკლამას, რომლებიც iPhone-ის ან Samsung-ის მეორად მოდელებს გვთავაზობენ.
აღნიშნული ბიზნესის ექსპერტებთან გასაუბრების და მათი კომპტენტური რჩევების მიღების შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მეორადი მობილურების შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, მითუმეტეს, თუ ისინი ამერიკიდან ჩამოდის და თანაც განვადებით ყიდვას აპირებთ: ფასი – iPhone 4s-დან iPhone 7 Plus-ის ჩათვლით, ასევე Samsung s5-დან S7 Edge-მდე მეორადი მოდელების ფასი უცხოურ ინტერნეტ მაღაზიებში 50-დან 450 აშშ დოლარამდე მერყეობს. ამას დამატებული განბაჟების ღირებულება საჭიროების შემთხვევაში და მცირე მარჟა უნდა იყოს ის ფასი, რომლის გადახდასაც შეიძლება დათანხმდეთ. მდგომარეობა – ამერიკაში მეორადი ტელეფონები სხვადასხვა სტატუსით იყიდება, მათ შორის გამოყენებული, შეკეთებული, დისპლეი მოდელები და ა.შ.
შესაბამისად, აუცილებლად უნდა იკითხოთ, როგორ მდგომარეობაშია ტელეფონი რომელსაც ყიდულობთ, აქვს თუ არა გარანტია და რა ვადიანია ის.
განვადების პირობები – საჭიროა თუ არა წინასწარი შენატანი, როგორია მისი გაუქმების პირობა და ითხოვს თუ არა ბანკი შემოსავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ან თუ არასაბანკო ონლაინ განვადებაა, რა საპროცენტო განაკვეთია შიდა დაფინანსების შემთხვევაში.
მაღაზიის სანდოობა – რამდენი ხანია რაც ეს მაღაზია ბაზარზეა, აქვთ თუ არა ფეისბუქ-გვერდი, როგორია გამოხმაურებები და მოხმარებელთა შეფასებები.
ვადა – რა პერიოდი სჭირდება ტელეფონის ამერიკიდან ჩამოტანას, როგორც წესი ეს ვადა 10 სამუშაო დღეს არ უნდა აღემატებოდეს, თუ ასე არ არის, მაშინ დიდი შანსია, რომ ტელეფონი არა აშშ-დან არამედ ჩინეთიდანაა გამოწერილი, ამიტომ აუცილებლად მოითხოვეთ ტრანსპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი თრექინგ კოდით.
აქსესუარები – მოყვება თუ არა შეძენილ ტელეფონს ყუთი და აქსესუარები და რამდენად ორიგინალია ისინი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვირადღირებული აიფონის და სამსუნგის შემთხვევაში, რომელთა ყუთი Imei კოდიდან გამომდინარე ძალიან ღირებულია, ხოლო აქსესუარების ფასი საქართველოში ხშირად 100 ლარს აღწევს.