“თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების შემდეგ განმარტებების გაკეთება ისურვა. მისი თქმით, საქმე გვაქვს სიცრუესთან, რადგან ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით.
“გაისმის ბრალდებები, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე. მეორე მხრივ, ვიცავთ კონფიდენციალურობას. მაგრამ გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი თანამშრომლები მოიხსენია.
მე მოგიყვებით იმ ტრანზაქციის შესახებ, რომელიც 2 კვირის განმავლობაში სალაპარაკო თემა გახდა. ეს კომპანია არის ქართული და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2016 წლის 19 აპრილს ყველა წესის დაცვით. ამავე დღეს იუსტიციის სახლის ფილიალში გაიხსნა საბანკო ანგარიში. წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით „თიბისი ბანკს“ იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები. რაც შეეხება ტყუილებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის ფილიალი გახსნის დღიდან მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ტყუილია, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისათვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა. კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს შვეიცარიიდან. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე, ხოლო დასრულებულია 19:43 საათზე. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კლიენტს, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო სატელეფონო კავშირის მიზეზი. რეალურად თანხა გაიცა 22 აპრილს 13:01 საათზე. ანუ ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია მოხდა სხვანაირად,” – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ბუცხრიკიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რო თოთქოს მასსა და ლევან ყიფიანს შორის ფულის გატანამდე სატელეფონო საუბარი შედგა. მისივე ინფორმაციით, ის ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს.
შეგახსენებთ, ხსენებული 4 მილიონის გატანა მოხდა “თიბისი ბანკიდან”. როგორც “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი ამტკიცებს, თანხის გატანა მოხდა არასამუშაო პერიოდში და ამის მიზეზად ის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩარევას ასახელებს, რითაც მისი თქმით მტკიცდება, რომ ხელისუფლება დაინტერესებული იყო ამ ფულის მიღებით. მანამდე მან განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მისი ბიზნესი დაარეკეტა და ბიუჯეტში ვალის დაბრუნების სანაცვლოდ 4 მილიონი მოთხოვა. მისი თქმით, გარიგებაში მონაწილეობდნენ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ამ გარიგებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და იმდროინდელი ბიზნესობმუდსმენი გიორგი გახარია.