სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელების ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მისი თქმით, შპს “სვეტი, როგორც ბიზნეს სუბიექტი, დასრულდა.
„ჩვენ მოვისმინეთ სასამართლოს არგუმენტები და არც ერთ არგუმენტს არ ვეთანხმებით. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ არც ერთ ასეთ საჩივარს სააპელაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს. მაგრამ ამას გავაკეთებთ ფორმალურად, რათა ზემდგომ ინსტანციებში ეს პროცედურები იყოს გამოყენებული და არ იყოს ამაზე პრეტენზია. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შპს “სვეტი” როგორც ბიზნეს სუბიექტი დასრულდა. ყველაფერი სასამართლოს ნამუსზე და სინდისზე იყოს”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს და ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.