ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩხეიძე “ომეგა ჯგუფის” თანამშრომლის დაკავებაზე – უნდათ, რომ მიმართულება ზაზა ოქუაშვილის მისამართით წაიყვანონ

პარლამენტის დეპუტატი ნატო ჩხეიძე “ტვ პირველის” ეთერში “ომეგა ჯგუფის” თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგაა მიმართული.

“ომეგა ჯგუფის” თანამშრომლებზე, განსაკუთრებით მოწმეებზე, აპირებენ რეპრესიები მოახდინონ, ჯერ ფსიქოლოგიური და მერე როგორი იქნება არ ვიცი. უნდათ, რომ მიმართულება ზაზა ოქუაშვილის მისამართით წაიყვანონ. ნამდვილად არ გამოუვათ ეს. როგორი სცენარის მოწმეც გუშინ გავხდით, ამაზე უკეთესს ვერაფერს შეთხზავენ, ლევან ყიფიანის განცხადებას ვგულისხმობ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი შემოქმედების მქონე ადამიანები მართავენ ჩვენს ქვეყანას,ზოგი ფაქტიურად და ზოგიც ფიქტიურად”, – აცხადებს ჩხეიძე.

ტელეკომპანია “იბერია” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც პოლიციაში გადაყვანილია „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი, რომელსაც სამი წლის წინ იარაღი შემთხვევით გაუვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

„იბერიას“ შეფასებით, პირის პოლიციაში გადაყვანა სამი წლის შემდეგ სწორედ რეპრესიების დაწყების მანიშნებელია. გავრცელკებულ განცხადებაში „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები მოუწოდებენ არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს, დაიცვან მათი უსაფრთხოება.

„შეტევა „ომეგასა“ და „იბერიას“ თანამშრომლებზე – რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ „ომეგა ჯგუფის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც „იბერია-ომეგას“ საქმეში ლევან ყიფიანის ეპიზოდში ფიგურირებს, პოლიციაში წაიყვანეს. საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თოლორდავა დაიჭრა, მას იარაღი გაუვარდა, საბედნიეროდ, გადარჩა. თოლორდავა ახლაც „ომეგას“ თანამშრომელია. შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ პოლიციაში მისი გადაყვანა, ჩვენი ღრმა რწმენით, უკავშირდება „ომეგა-იბერიას“ თანამშრომლებზე რეპრესიების დაწყებას. ვთვლით, რომ ვართ საფრთხის ქვეშ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჩვენგანზე განხორციელდება რამე სახის პროვოკაცია, თავდასხმა ან ზეწოლა, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....