პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ, პირველი არხის ეთერში განაცხადა და კონკურენტებს მოუწოდა, რომ დებატებში მონაწილეობა მიიღონ.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის ყველა კანდიდატთან თანახმაა დებატებზე, მის შეთავაზებას კი ჯერ მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა.
„მე ვარ ერთ-ერთი გამონაკლისი პრეზიდენტობის კანდიდატებიდან, რომელმაც ვთქვი, რომ მზად ვარ ყველასთან დებატებზე, ნებისმიერთან დებატებზე. ერთადერთი თანხმობა ამ ეტაპზე ვისგანაც მოგვივიდა, ეს არის ზურაბ ჯაფარიძე. დღეს დამირეკეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რედაქციიდან. დანარჩენი კანდიდატები დაიმალნენ. ახლა როგორც ბაში-აჩუკშია, ერთ წრეს კიდევ დავარტყამ და კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა მოვიდეს დებატებზე და პასუხი უნდა გასცეს, ჯაბა იოსელიანისა და შევარდნაძის მხარდამხარ ებრძოდა თუ არა ზვიად გამსახურდიას. ვაშაძე უნდა მოვიდეს ამ დებატებზე და პასუხი უნდა გაგვცეს, იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები დაჯლიგინებდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ედო თუ არა ჯიბეში რუსული პასპორტი. აგრეთვე, ეს შეკითხვები არის დავით უსუფაშვილთან და სხვა კანდიდატებთანაც. მოვუწოდებ მათ, ნუ დაიმალებიან, მაინც დაისმება ეს შეკითხვები. არ დაისმება საზოგადოებრივი არხის ეთერში, ქუჩაში დაისმება, მათ ოფისებთან დაისმება და ქართველი ხალხი ამ შეკითხვებზე პასუხს მაინც მიიღებს“, – განაცხადა კახა კუკავამ.
როგორც განაცხადა მან დებატებში მონაწილეობა შესთავაზა სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილს, დავით უსუფაშვილს.
„ჯერ დადებითი პასუხი გაგვცა მხოლოდ ჯაფარიძემ. დანარჩენი კანდიდატები ინარჩუნებენ დუმილს და პირობას ვიძლევი, როგორც ამბობს იასონი „პირველ მერცხალში“, ნახევარი ძალით დავარტყამ ბატონო!“, – აღნიშნა კახა კუკავამ.