ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს “ნატო”-ში გაწევრიანების პროცესში, რუსეთს არ აქვს ჩარევის უფლება”

ჩდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე პირველი არხის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მხოლოდ ნატო-ს წევრებისა და საქართველოს გადასაწყვეტია, როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი, რუსეთს არ აქვს უფლება, ამ პროცესში ჩაერიოს.

პირველი არხი დაინტერესდა, რა საკითხებს განიხილავს ნატო-საქართველოს კომისია და რა იქნება სიახლე სხდომაზე საქართველოსთვის. ასევე, პირველი არხი დაინტერესდა სტოლტენბერგის რეაქციით იმ თემაზე, რომ მოსკოვიდან ხშირად ისმის განცხადებები ნატო-ს გაფართოების, საქართველოს ალიანსის მომავალი წევრობის წინააღმდეგ.

„ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთან პარტნიორობას, მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას ნატო-ს ყველა წევრს, თუ სად ვიმყოფებით. ნატო-ს წევრი ქვეყნები განაგრძობენ წვლილის შეტანას სხვადასხვა პროგრამებში, რასაც საქართველოსთან ერთად ვახორციელებთ. განსაკუთრებით, ეს ეხება ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნისა და შეფასების ცენტრს, ერთობლივ წვრთნებს.

ჩვენ ასევე მივესალმებით იმ მხარდაჭერას და წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატო-ს ოპერაციებში. საქართველო რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ გამოწვევებს, რომელიც შავი ზღვის რეგიონში გვაქვს. ვხედავთ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას რეგიონში, განსაკუთრებით ყირიმში. ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ეს არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელებთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო დაეხმარება საქართველოს უსაფრთხოების სექტორში რეფორმების გაგრძელებაში.

“მივესალმებით საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და დავეხმარებით საქართველოს უსაფრთხოების სექტორში რეფორმების გაგრძელებაში. რაც შეეხება რუსეთს და გაფართოებას, ნატოს ლიდერებმა ივლისში გამოხატეს ერთგულება იმ პირველი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მათ ბუქარესტში 2008 წელს მიიღეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გავიმეორეთ ეს გადაწყვეტილება ივლისის ნატო-ს სამიტზე. მხოლოდ ნატო-ს წევრებისა და საქართველოს გადასაწყვეტია, როდის მოხდება ეს. არცერთ სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში.

საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. არასდროს ვაღიარებთ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....