ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: “ეკა გიგაური დიდი ხანია სასამართლოს ემალება”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში  სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს.

მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება.

ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ აქვს ბრძანება, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს.

„ეს პროცესი არის იმ დიდი სიცრუის ნაწილი, რომელსაც თავად კაპიტანი გიგაური წარმოადგენს. ეს არის სიცრუის მანქანა, რომელიც მუშაობს დიდი ხანია სააკაშვილის ხელდათქმით. გუშინ უკვე მთავარ პროკურორად დანიშნა კაპიტანი გიგაური, წოდება მისცა მერაბიშვილმა და ბუნებრივია, იმათი შემადგენელი ნაწილია. სამი წელია ემალება სასამართლოს, შეცდომაში შეჰყავს და ცრუ ჩვენებას აძლევს. მე ამას დავუმტკიცებ, იცის და იმიტომ ემალება სასამართლოს. დღესაც დარწმუნებული ვარ, არ მოვა, მაგრამ მივყვები ბოლომდე ამ საქმეს. მთელი საზოგადოება თავისი სექტით, რომელსაც „ეს შენ გეხება“ ჰქვია, ყველაფერი რომ ეხება სინდისის, ნამუსის, თავმოყვარეობისა და წესიერების გარდა, მაგათ ყველას გამოვიყვანთ სამზეურზე. მთელი საქართველო ნახავს, რას წარმოადგენს გიგაური და მისი სექტა. მთელ დანარჩენ საზოგადოებას მორალს უკითხავენ და ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ, თვითონ უწესოდ ცხოვრობენ და საკუთარ წარსულს მალავენ. ვერ დამალავს გიგაური თავის წარსულს, რადგან მისი წარსული ხელთ მაქვს და სასამართლოზე გაირკვევა, ვინ არის და რას წარმოადგენს. მე განვაცხადე, რომ კაპიტანმა გიგაურმა რიგგარეშე წოდება ვანო მერაბიშვილისგან მიიღო იმის გამო, რომ დააჯილდოვა და მონაწილეობა მოიღო იმ არაადამიანების წახალისებაში, ვინც 7 ნოემბერს სისხლში ჩაახშო ქართული საზოგადოება, მისი სამართლიანობისადმი და თავისუფლებისადმი ლტოლვა”- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციაში დარბევის გამო მიიღო.

მისივე ხელმოწერით 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები კი პრემიით დაჯილდოვდნენ. გიგაურის უფლებადამცველების თქმით, სასაზღვრო პოლიციას და ეკა გიგაურს 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

იტვირთბა....