ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა კანდიდატს მოვუწოდებ, აგვისტოს ომზე საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინონ”

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ყველა საპრეზიდენტო კანდატმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინს აგვისტოს ომზე საუბრის დროს.

„მინდა, ყველას მოვუწოდო ფრთხილი, მოზომილი განცხადებებისკენ და აწონილ-დაწონილი სიტყვებისკენ, რადგან ეს საქმე არ გახლავთ „ნაცის“, „ქოცის“, ან იმ პარტიის საქმე, რომელიც იძახის, რომ გუგავა მოვა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში 700 მტკიცებულება მოვაგროვეთ, სასამართლო სათათბირო ოთახშია გასული და სჯობს, კინკლაობის თემად სხვა რამეები მოვიფიქროთ“– განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრს, ჟურნალისტკმა კითხა თუ რა გავლენას მოახდენდა ჰააგის სასამართლოში  მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებები.

წულუკიანის თქმით, ეს ზოგადქართული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საქმეა, ხმას რომელ პარტიასაც არ უნდა აძლევდეს, სამშობლო ყველას ერთნაირად სტკივა და შესაბამისად, ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს.

„თუ ჩვენი ქვეყანა ჩვენ სიცოცხლეში ვერ გაერთიანდა, მომავალ თაობებს მთავარი უნდა დავუტოვოთ. ეს მთავარი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები არ არის, რომ საქართველო მთლიანია. მთავარია, მომავალ თაობებს დავუტოვოთ სასამართლო გადაწყვეტილებები, იქნება ეს სტრასბურგი, თუ ჰააგა, სადაც შავით თეთრზე ეწერება, რომ საქართველო მთლიანია, აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით. თუ ეს არ დავტოვეთ, ჩათვალეთ, ვერაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ფატუ ბენსუდასთან საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის  შეხვედრა, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ითქვა.

„გამოძიების საიდუმლოებიდან გამომდინარე, თემების უმრავლესობა დახურულია, მაგრამ ერთი რამ, რაც შემიძლია, განვაცხადო, ისაა, რომ ქალბატონმა ბენსუდამ გვითხრა, რომ გამოძიება კიდევ უფრო დაჩქარებულ ტემპზეა გადასული, ვიდრე აქამდე იყო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფატუ ბენსუდას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია, ჰააგის პროკურორთან და სასამართლოსთან ითანამშრომლოს, როგორც აქამდე თანამშრომლობდა.

„იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის ეპიზოდები გამოვიძიოთ, გამოძიებულ იქნას ქართველების ეთნიკური წმენდის ეპიზოდები და გორის ე.წ. ინციდენტი, როდესაც 12 აგვისტოს, უკვე ყველანაირი საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ „ისკანდერი“, ასე ვთქვათ, ჩვენზე გამოსცადა“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ფატუ ბენსუდამ თქვა, რომ ამ ეპიზოდებში გამოძიების სწორად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროსთან სამაგალითო თანამშრომლობა აქვს.

იტვირთბა....