ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავდასხმა “თანასწორობის მოძრაობის” ოფისთან: შსს-მ გამოიძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  29 სექტემბერს, თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, N56-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან, ლგბტ თტემისა და მეზობლებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

“ამ ეტაპზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, გვიან ღამით, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის ეზოში, ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრები ქალის – 1952 წელს დაბადებულ ნ.ი.-ს შორის ხმაურთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც აღნიშნული ქალის ნათესავი – 1983 წელს დაბადებული გ.ფ. შეესწრო. კონფლიქტი, ერთი მხრივ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს – ვ.კ.-ს, თ.ე.-ს, ა.უ.-ს, რ.კ.-სა და მეორე მხრივ, გ.ფ.-ს შორის გაგრძელდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა”- აცხადებენ შსს-ში.

ხოლო, “თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე სოციალურ ქსელში ვრცლად წერს მომხდარი ფაქტის შესახებ და აცხადებს, რომ მეზობლები, რომლებიც მის თანამშრომელს თავს დაესხნენ, მანამდეც გამოირჩეოდნენ მათ მიმართ ჰომოფობიური ხასიათის აგრესიით. ბერიანიძე ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია საკმაოდ გუგლგრილი იყო დაზარალებულების მიმართ:

“გუშინ, 4 ქვიარ აქტივისტს (ჩვენს თანმშრომლებს და მეგობრებს) თავს დაესხა ორი მეზობელი (მგონი სიდედრი და სიძე) ჰომოფობიური მოტივით. როგორც თვითონვე თქვა პატრულთან საუბარში სიძემ, მას, თურმე არ სურს მის ეზოში ლგბტ ორგანიზაციის არსებობა. ესენი აქ გარეთ ზასაობენ და ამათ აქ მე არ გავაჩერებო, უთქვავს პატრულის თანამშრომლისთვის. აღნიშნული პირი იქამდეც გამოირჩეოდა აგრესიული დამოკიდებულებით თანამშრომლებისადმი და მუდმივად ცდილობდა კონფლიქტის შექმნას. შესაბამისად, ეს არის არამხოლოდ ქვიარ ადამიანებზე ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული თავდასხმა, არამედ, ეს ასევე არის ორგანიზაციაზე თავდასსხმა.

სამწუხაროდ, ჩვენ მიერ გამოძახებული პოლიცია და სასწრაფო არ იჩენდა კეთილგანწყობას მსხვერპლების მიმართ:
უხეშად მიმართავდნენ ნაცემ ხალხს;
ცუდად მყოფ ადამიანს სასწრაფოს ექიმი ეუბნებოდა, თუ ცუდად ხარ, ჩემგან რა გინდა, სახლში წადიო;
ნაცემი ადამიანის დაზიანებული სხეულის ნაწილები არ ჰქონდა აღწერილი სასწრაფოს თავის ჩანაწერში და მხოლოდ ჩხუბის მერე გადაშალა “არ აღენიშნება დაზიანებები” “აღენიშნება ყელის არეში დაზიანებები-თ”; ა.შ.
ჩვენ კითხვაზე, გაჩხრეკდნენ თუ არა თავდამსხმელის მანქანას, საიდანაც იგი იარაღის ამოღებას აპირებდა, პოლიციელები, პასუხის გაცემის ნაცვლად, გვამშვიდებდნენ (ირონიულად) და მხოლოდ 2 საათის მერე (რა პერიოდიშიც იარაღის გადამალვა პრობლემას არ წარმოადგენდა) დალუქეს მანქანა;
ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს იმავე მეზობლებმა პოლიციის თვალწინ აგინეს. სწორი და კანონიერი რეაგირების მაგივრად, პოლიციელები ჩვენს თანამშრომელს აწყნარებდნენ და ეუბნებოდნენ, გეჩვენება გინებაო (არადა ყველამ გავიგეთ ეს გინება)”- ამბობს ლევან ბერიანიძე.

იტვირთბა....