ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტოტალიზატორიდან 1 000 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა: მას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ს. მუშაობდა შპს ,,მარსში’’, რომლის მიერ ორგანიზებულია ინტერნეტ-ტოტალიზატორი დომეინზე www.crystalbet.com. მომხმარებლების წახალისების მიზნით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობდა სხვადასხვა აქციებს, მათ შორის ჯეკპოტის გათამაშებას აზარტული თამაშების ყველა სახეობაში. ჯეკპოტის გათამაშების ფუნქცია დაეკისრა შპს ,,მარსის“ მენეჯერს თ.ს.-ს, რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა შპს „მარსის“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით.

კერძოდ, თ.ს-ს და სხვა პირებს, 2016 წლის სექტემბრის თვიდან, კომპანიის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამაგიდო თამაშებში მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ანგარიშებზე შეჰქონდათ მინიმალური თანხები და ახდენდნენ ონლაინ თამაშებში მონაწილეობის იმიტაციას. ამასთან, თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი წინასწარ იყო გაფრთხილებული, თუ კონკრეტულად დროის რომელ მონაკვეთში გათამაშდებოდა ჯეკპოტი, რაც კანონის მიხედვით მათთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა ჯეკპოტის სახით გასათამაშებელი თანხის ნაწილის თაღლითურად დაუფლებას. ამ სქემით დაუფლებული თანხები თ.ს.-ს მითითებით ირიცხებოდა სხვადასხვა პირების სახელზე დამზადებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც თ.ს. შემდგომში განკარგავდა საკუთარი შეხედულებით. საერთო ჯამში, თაღლითური სქემით კომპანიას მიადგა 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი.

სამართალდამცველებმა თ.ს. 2018 წლის 8 იანვარს დააკავეს. მას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იტვირთბა....