თბილისის პროკურატურაში კომპანია „ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე გამოკითხვაზე მივიდა.
„შევალ, გავესაუბრები და ვნახავ რა იქნება. იმისთვის, რომ გამოძიება ნორმალურად წარიმართოს, ყველა ინფორმაციას მივაწვდი. ყველაფერს დავასახელებ და ვიტყვი, რაც გამოძიებისთვის საჭიროა“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, კომპანიების ხელმძღვანელები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციებს გამოძიებას დეტალურად გააცნობენ.
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ. ასევე გამოიკითხება ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფება.