ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ტკივილი არ განელებულა და ერთნაირად ტკივა როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა, რომ 25 წელი არის ძალიან ბევრი ერთი ადამიანის ცხოვრებისთვის და ბევრი ადამიანი დღესაც ამ ტკივილით ცხოვრობს.

„25 წელი გავიდა იმ საუბედურო კონფლიქტიდან, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს არც ქართველების და არც აფხაზების მხრიდან. ეს სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული რუსიფიკაციის ქრონიკა. 25 წელი არის ძალიან ბევრი ერთი ადამიანის ცხოვრებისთვის და ბევრი ადამიანი დღესაც ამ ტკივილით ცხოვრობს. ეს ტკივილი არ განელებულა და ერთნაირად ტკივა როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები, ვინც არიან გამოდევნილი საკუთარი სახლებიდან ან ვინც რუსული ოკუპაციის პირობებში იმყოფებიან საკუთარ სახლებში, მაგრამ აქვთ წართმეული მომავლის, განვითარების პერსპექტივა და იმედი“ – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად ხელოვნური ბარიერებისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ბევრი რამ გვაერთიანებს.

„მართალია დღეს ბევრი გვაშორიშორებს, პირველ რიგში, ხელოვნური ბარიკადები და გაუცხოება, მაგრამ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს და ეს მხოლოდ წარსულში არ უნდა ვეძებოთ, პირველ რიგში ეს არის მომავალი და ჩვენი საერთო ინტერესია, რომ აღარ აღმოვჩნდეთ ჩათრეული პროვოკაციაში და გვქონდეს მშვიდობიანი მომავალი“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იტვირთბა....