ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთად მოვძებნოთ გამოსავალი და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა, რომ ნაბიჯები რომლებსაც მმართველი გუნდი დღეს დგამს უკეთესი მომავლისთვისაა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა,აფხაზეთში სამხედრო პროვოკაციის შემდეგ დიდი დრო გავიდა, რომელიც ქართულ-აფხაზური ერთობის წინააღმდეგ განხორციელდა.

„ეს იყო წინასწარ კარგად მოფიქრებული სცენარი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მთელ საქართველოს, მათ შორის ჩვენს აფხაზ ძმებს, კარგად ესმით, რა მოხდა და ნაბიჯები, რომლებსაც დღეს ვდგამთ, არის ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის. სწორედ ეს არის სწორი დასკვნა, სწორი ანალიზი იმ მოვლენების, რაც წლების წინ აფხაზეთში მოხდა. ვფიქრობ, ამით მთელი საქართველო, მთელი ჩვენი საზოგადოება, მათ შორის აფხაზეთში თანაბრად და ძალიან მძიმედ დაზარალდა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაეცნენ. მთელი ჩვენი საზოგადოებიდან, მათ შორის აფხაზური საზოგადოებიდან კიდევ უფრო მეტია მზაობა ჩვენ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი აქედან და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დღეს არის ასევე ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვის დღე, მისი გარდაცვალების დღე, ადამიანმა, რომელმაც მაგალითი მისცა ყველას როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იტვირთბა....