თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ.
ასევე, ამავე პერიოდიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.
კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და ტაქსების ლიცენზირების თემაზე გაამახვილა ყურადღება.
„მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ უნებართვო საქმიანობის მიმართ მკაცრი მიდგომა გვექნება, ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ერთწლიანი ნებართვის საფასური შიდა წვის ძრავიან ავტომობილზე შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდულზე 50 ლარს,ელექტროავტომობილებისთვის კი, უფსაოა“ – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მერის განმარტებით, სატარსნპორტო პოლიტიკის მეორე ეტაპია ვიზუალური სტანდარტი და გადაწყდა, რომ ყველა ტაქსი მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში თეთრი უნდა იყოს.
„საუბარია ფერზე, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რომელიც სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.მომავალი წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისი გაწევას“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებითვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური უფასო პარკირების ადგილები, ასევე ავტომობილებზე რეკლამისთვის კონკრეტული ადგილი განისაზღვრება და რეკლამიდან შესული თანხა მძღოლების საკუთრება იქნება.
„გარდა ამისა, ტაქსის მანათობელი, რომელსაც დედაქალაქის მერია დაამზადებს, პირველ ჯერზე მათ გადაეცემათ უფასოდ. დაზიანების და გატეხვის შემთხვევაში კი, ყიდვა მოუწევთ“ – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალქის მერმა მედიას ახალი ტაქსების დიზაინიც წარუდგინა.