არსებობს მოსაზრება, საკმაოდ გავრცელებული, რომ რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ცხოველები, მით უფრო ნა ნაკლებად უყვარს ადამიანები და ასეთ ადამიანს ხშირად, მიზანთროპობაში თუ არა, გულგრილობაში მაინც ადანაშაულებენ… რაღა თქმა უნდა უსაფუძვლოდ! ბევრჯერ მითქვამს და აქაც გავიმეორებ, რომ ის სიყვარული, ის ხიბლი, რომელსაც ცხოველი ადამიანში აღძრავს, განპირობებულია ერთადერთი(!) ფაქტორით: გულახდილობით. ცხოველების მართლა მოყვარულ ადამიანს ცხოველის ის გულწრფელობა აღაფრთოვანებს, რომელიც არაფრით არ არის შენიღბული და რომელიც ცხოველის გარესამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა.
გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ადამიანი ცხოველის ამ გულახდილობას ეტრფის და თვითონაც, როგორც ცხოველი, ქვეცნობიერად იმას შენატრის, რაც ოდესღაც გააჩნდა და ევოლუციას შესწირა. გულახდილობა მოთხოვნილებაა, რომლისთვისაც ადამიანს ყოველდღიურად ლაგამის ამოდება უწევს და ცხოველთან ურთიერთობა, მასზე ზრუნვა და მასთან ერთ ჭერქვეშ თანაარსებობაც ერთგვარი კომპენსაციაა იმისა, რასაც იგი გარემოსთან, საზოგადოებასთან(!) მიმართებაში ვერ ავლენს და თავის თავში თრგუნავს. თავში ნახსენები მოსაზრება მცდარი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მასში სიტყვა “ადამიანი” ფიგურირებს. ცხოველთა მოყვარულ ადამიანს ისევე უყვარს ადამიანი, როგორც ყველაფერი ის, რაც სიყვარულს იმსახურებს, ოღონდ… ყველაფერი ის, რაც ცხოველის გულწრფელობის ანტიპოდია და ცრუდ იწოდება, ადამიანში იმხელა დოზით არის კონცენტრირებული, რომ მისი “უმცროსი ძმების” გულახდილობის ფონზე, ცხოველების მოყვარულს ის ერთგვარ მშიშარა, მზაკვრულ არსებად წარმოუდგება და არცერთ მარცვალში არ შევცდები თუ ვიტყვი: დიახ, ადამიანი, თავის აბსოლუტურ უმრავლესობაში, მხდალი და უმნიშვნელო საგნებზე ორიენტირებული გონიერი ცხოველია. სწორედ ეს თვისებები იწვევს მისდამი ხშირად უარყოფით დამოკიდებულებას. ცხოველის მოყვარულ იმ ადამიანს, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს გულწრფელობის უკონკურენტო გამოვლინებასთან, არ და ვერ შეუძლია მიიღოს ის განმარტებისმაგვარი სიტყვები, რომლებიც ადამიანის ამ ერთმნიშვნელოვნად უდიდეს ნაკლოვანებებს მის ბუნებას მიაწერს და ამართლებს. არ შეუძლია, რამეთუ იმავე ადამიანებში ხედავს საპირისპირო უამრავ მაგალითსაც და შესაბამისად რწმუნდება იმაში, რომ ადამიანსაც შეუძლია გულახდილობისკენ იმ დოზითა და იმ ფარგლებში სწრაფვა, რაც მას ცხოველის აბსოლუტურ გულახდილობამდე არ “დასცემს”, მაგრამ მის მზაკვრულ ბუნებას ერთგვარი რეაბილიტაციის სამსახურს მაინც გაუწევს.
ამ მოკლე ჩანახატის დაწერისკენ წინა დღეებში ჩადენილმა მკვლელობამ მიბიძგა, მკვლელობამ, რომელშიც ადამიანის ადამიანურობა კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს და იქ დააბრუნეს, სადაც ადამიანი ჯერ ადამიანი არ იყო, თუმცა უკვე აღარ იყო ცხოველიც… მკვლელობამ, რომელშიც ნაკლულმა “ცხოველმა” იდეალური “ადამიანი” მოკლა.
ვასო შონია