აჭარის კრიმინალურ პოლიციაში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ხალვაში საუბრობს.
მისი თქმით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 3 წლის განმავლობაში სველი წერტილების საჭიროზე 5-ჯერ მეტი მოწყობილობა შეიძინა.
ხალვაში აუდიტის სამსახურს ფაქტების შესწავლისაკენ მოუწოდებს. ყოფილი პოლიციელის თქმით, იმ ფონზე, როდესაც კრიმინალური სიტუაცია გაუარესებულია, მენეჯმენტი კი ხარჯებს არასწორად განკარგავს.
ხალვაშის განცხადებას შსს გამოეხმაურა.
“აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განკარგულებაშია 22 ობიექტი, სადაც განთავსებულია 122 სველი წერტილი. პერიოდულად ხდება აღნიშნული ინფრასტრუქტურის გაახლება და რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დეპარტამენტმა მის დაქვემდებარებაში არსებულ შენობებში მდებარე სველი წერტილებისა და სამზარეულოების გამართული ფუნქციონერებისთვის 10 592 ლარის ღირებულების სამეურნეო პროდუქცია კანონით დადგენილი წესით, ელექტრონული ტენდერისსაშუალებით შეისყიდა. 2017 წელს შესყიდვების თანხა 4 464 ლარს შეადგენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო 3 წელში 500 ცალი უნიტაზი შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება. უნიტაზების შესყიდვა ბოლოს 2016 წელს განხორციელდა. დეპარტამენტმა ორი წლის წინ 5 ცალი უნიტაზის კომპლექტი შეისყიდა”, – აცხადებენ უწყებაში.