გუშინ, 24 სექტემბერს, გარდაბნის რაიონში, სოფელ გამარჯვებაში, მეზობელს მეზობელმა ძაღლი საფანტის თოფით მოუკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ძაღლის მკვლელი იდენტიფიცირებულია და პოლიციამ ის უკვე გამოკითხა. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.
როგორც ძაღლის პატრონი შორენა ამბობს, მეზობელი ძაღლს ქათმების შეჭმას აბრალებდა, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, შორენა მზად იყო, ზარალი აენაზღაურებინა, თუმცა ძაღლი მაინც მოუკლეს, რომელიც შვილივით ჰყავდა გაზრდილი.
“ეს რა დილა გათენდა, ღმერთო! ეს რა იყო… ცუდად ვიყავი წუხელ, ფეხზე ვერ ვდგებოდი. დილით გასროლის ხმამ წამომაფეთიანა, წკმუტუნი მომესმა; წამოვხტი და ეს სურათი შემრჩა ხელში. არადა, დილას ავუშვი ჯუნა და ეგრევე მეზობელთან გადასულა, რომელმაც საფანტი ესროლა და დაუცხრილა უკან მხარე. წამებში მოკვდა, ვერ მოვასწარი ჩახუტებაც კი…
შვილივით გაზრდილი ძაღლი მომიკლეს იმის გამო, რომ თურმე ქათმები შეუჭამა. არადა, დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, ისე გადადიოდნენ… არანაირი ბუმბულის კვალი არ ეტყობა ჯუნას.
სიცოცხლე აღარ მინდა, აღარ! ეს რა ხდება?! ავუნაზღაურებდი, რაც შეუჭამა, თუ შეუჭამა საერთოდ. რა გავაკეთო ასეთი მეზობლების ხელში? არადა, მორწმუნე ხალხია – ეკლესიურები. აი, რა გააკეთა!
მაპატიე, ჯუნა… მკვლელებისგან ვერ დაგიცავი, ჩემო პატარა. ეს რა დღე გაგითენდა, სიმწრით სავსე… ნეტა, მე მომხვედროდა ის ტყვიები, მე მეგრძნო ის ტკივილი, რაც შენ იგრძენი იმ წამს.” – განაცხადა ძაღლის პატრონმა.
შსს-ს ცნობით, კვლავ გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.
ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ მსგავს სისასტიკეებთან ბრძოლა მხოლოდ მკაცრი კანონით არის შესაძლებელი. მოქალაქეები უკვე წლებია ხელისუფლებას სთხოვენ ცხოველთა წამებისა და სასტიკი მოპყრობის პრევენციისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას.