რომან გოცირიძე მთავრობის მიერ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევას „ხალხის გამარჯვებას“ უწოდებს.
მისი თქმით, კარგია, რომ იუსტიციის მინისტრის დღევანდელი განცხადების მიუხედავად, მოხდა კანონპროექტის გაწვევა.
„როდესაც ხალხი ერთსულოვანია, მაშინ მას შეუძლია ისეთი დიდ ინტერესების დაძლევაც კი, რომელიც ამ კანონის უკან იმალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, თურმე ეს ვიღაცეებისთვის შემოსავალს გააჩენს და ამ ღარიბ ქვეყანაში აუცილებელია, კარგია, რომ მისი განცხადებიდან, რამდენიმე საათში, ეს კანონი იქნება გაწვეული, რაც საზოგადოების გამარჯვებაა. სწორედ, საზოგადოების ერთიანობით იქნება მომავალი გამარჯვებებიც მიღწეული და არავის მივცემთ უფლებას ქვეყანა ატაროს საკუთარი ფინანსური ინტერესების შესაბამისად“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ არჩევნების შემდეგ ვინმე გაბედოს ამ კანონპროექტის პარლამენტში განმეორებით შეტანა.
შეგახსენებთ, რომ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ.
„ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.