წელს თბილისობა 6-7 ოქტომბერს აღინიშნება. თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით “თბილისობა” სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით მერიამ გამარტივებული წესით შესყიდვა უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
მერია “თბილისობის” ღონისძიებებისთვის 905 421 ლარამდე დახარჯვას აპირებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, “თბილისობის” პირველ დღეს სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დადგმული, ახალი ქართული მიუზიკლი – „თბილისური ვოდევილი“ გაიმართება. მიუზიკლში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები, მსახიობები და მოცეკვავეები. მიუზიკლი ევროპის მოედანზე თემატურად დეკორირებულ სცენაზე ჩატარდება.
ასევე სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ რიყის პარკში გაიმართება ყვავილების ფესტივალი “შემოდგომის დღესასწაული”.
7 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ორკესტრი ნიკოლოზ მემანიშვილის დირიჟორობით, სოლო შემსრულებელები, მუსიკალური ანსამბლები და გუნდი მიიღებს, რეჟისორი კი დავით დოიაშვილი იქნება. თბილისის მერი, ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებს. გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება