ხორბლის გადამზიდავების პროტესტი ლილოს ტერმინალში კვლავ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. ხორბლის გადამზიდავების აქციის ერთ-ერთი მონაწილე კვლავ მინისტრის მოლოდინშია, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობის სახურავიდან გადმოხტომით, ან თავის დაწვით იმუქრება. მას ტანზე ბენზინი უკვე გადასხმული აქვს.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხორბლის გადამზიდავებს დღეს, 11:00 საათზე უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ჯანო ამყოლაძის მიერ პროტესტის უმკაცრესი ფორმის გამოყენების შემდეგ, ვითარება შეიცვალა, შესაბამისად გადამზიდავები სამინისტროში მისვლას აღარ აპირებენ.
“ჩვენ მოლაპარაკებებს ვეთანხმებით, გვინდა შეთანხმება მოხდეს მოლაპარაკების გზით, არავინ არ ველოდით ამას. მოგეხსენებათ რა დღეში ვართ ყველა. ყველა ადამიანი ვერ უძლებს ფსიქიკურად, ადამიანმა გადაწყვიტა ეს, ასეთ ფორმას მიმართავს და ჩვენ გვერდში ვუდგევართ ყველა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც არის, ამ ადამიანის უსაფრთხოდ ჩამოყვანაა” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ჯანო ამყოლაძის კოლეგები აცხადებენ, რომ მას ფინანსური პრობლემები აქვს და პროტესტის ეს ფორმაც, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია.
“უმძიმესი ფინანსური პრობლემები აქვს, ბანკებში ვალები, თორემ არ მივიდოდა ესეთ უკიდურეს მდგომარეობამდე”- განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
ადგილზე მყოფებიანც სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ერთი ეკიპაჟი.
შეგახსენებთ, რომ ხორბლის გადამზიდავების აქცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ისინი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.