პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შეჩერდა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა, რადგან შეგონებული და მიღებული იყო ეს თხოვნა.
„შეჩერდა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა, რადგან შეგონებული და მიღებული იყო ეს თხოვნა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამიტომ გააკეთა სპეციალური განცხადება, არ ხდება იმ კანონპროექტის განხილვა და შეჩერებულია ეს პროცესი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სივრცის გამკაცრებაზე, რაც დარჩა დასარეგულირებელი. უნდა შეისმინოს ხელისუფლებამ, როდესაც ელაპარაკება ხალხი და ესაუბრება ეკლესია. ვისაც აქვს ეს შეგრძნებები, რომ უნდა შეისმინოს, უნდა შეისმინოს. ჩვენ შევისმინეთ, რადგან მეც მაქვს ეს შეგრძნება. მრევლი ვარ და ძალიან კარგად მესმის, ზოგჯერ საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენია, ასევე როდესაც უსამართლო შეფასებები და ინტერპრეტაციები კეთდება“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი საჩქარო არ არის.