„პატრიოტთა ალიანსისთვის“ ფრაქციის შენარჩუნებისთვის უმრავლესობბის მიერ კვოტის დათმობას გია ვოლსკი გამორიცხავს.
როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, კვოტის მიცემას არანაირი საფუძველი არ აქვს.
„რატომ დაიშალნენ, ერთმანეთთან რა პრეტენზია აქვთ, ამაზე განცხადებები იყო და განცხადებების მიღმა თუ რამე არსებობს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. უმრავლესობის ფორმატში რამდენიმე ფრაქცია შეიქმნა და ისინი უმრავლესობასთან თავიანთი პოლიტიკური განწყობით ადეკვატური არიან. „პატრიოტთა ალიანსი“ სხვა ფრაქციების თემასთან არანაირ კორელაციაში არ არის და მიკვირს, რომ ასეთ კითხვას სვამთ. უმრავლესობიდან გასვლა თუ ვინმეს უნდა და „პატრიოტებთან“ შეერთება, ეს გარკვეული დეპუტატების მოსაზრება შეიძლება იყოს. რაც შეეხება მათ თანამდებობებს, ფრაქცია თანამდებობების არსებობას განაპირობებს. რეგლამენტი ყველასთვის რეგლამენტია, ჩემთვისაც და სხვისთვისაც. მას უმრავლესობაც უნდა ემორჩილებოდეს და უმცირესობაც“ – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ნატო ჩხეიძე ფრაქცია „პატრიოტებს“ ტოვებს. დეპუტატი საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბარს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აპირებს. ნატო ჩხეიძის მიერ ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, ფრაქცია „პატრიოტები“ დაიშლება, შესაბამისად, ისინი საპარლამენტო თანამდებობებს დაკარგავენ, მათ შორის ვიცე-სპიკერის პოსტს.