ალკოჰოლის მოხმარება, ხელმისაწვდომობა და რეკლამირება იზღუდება. მსგავსი ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს და პარლამენტში შესატანად ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციით, ალკოჰოლის საცალო გაყიდვა კონკრეტულ დღეებსა და საათებში შეიზღუდება. ასევე შემცირდება მისი რეალიზაციის ადგილები.
კერძოდ, ალკოჰოლის მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს სამუშაო საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო დაწესებულებებსა და ყველა ტიპის ტრანსპორტში, მათ შორის საზოგადოებრივში. როგორც ირკვევა, შერსაძლოა ალკოჰოლის დისტრიბუციისა და ალკოჰოლის გაყიდვის ადგილებიც შემცირდეს. გარდა ამისა, შეიზღუდება ალკოჰოლური სასმელების რეკლამირებაც. უფრო მეტიც, ინიციატივის მიხედვით, ალკოჰოლურ სასმელებში შესაძლოა ალკოჰოლის დოზის შემცირებაც მოხდეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა ევროსაბჭოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული ნორმატიული დოკუმენტების ბაზაზე დაყრდნობით წამოვიდა.