ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, მიდის მთელი საზოგადოების წინააღმდეგ, თუ ნათელი მოფინოს ხორავას საქმეს”

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შეფასება კარგი პრეცედენტია.

„კარგი პრეცედენტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთანაც  მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, ჩვენი დასკვნა შეაფასეს და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს. ამ განცხადებაში ისინი მოუწოდებენ მთავრობას, რომ კომისიის რეკომენდაციები გაიზიაროს და აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო კომისიამ თავისი მანდატი შეასრულა“– განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ეს კომისიისთვის მნიშვნელოვანი შეფასებაა.

„მთავრობისთვის ახლა არის სიმართლის ჟამი. უნდა გადაწყვიტონ, კიდევ ერთხელ მიდიან მთელი საზოგადოების, შვილმოკლული მშობლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დროებითი საგამოძიებო კომისიის და ზოგადად, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, თუ აპირებენ, ამ ამბავს მოჰფინონ ნათელი, დაადგინონ რეალურად ვინ არის მკვლელი, დასაჯონ ხელის დამფარებლები და პირები, რომლებმაც გამოძიება ჩიხში შეიყვანეს“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის  თქმით, ხუთშაბათს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები განიხილება.

„წარვადგენ ამ დასკვნას და შემდეგ მოვუწოდებ ხელისუფლებას, სერიოზულად მიუდგნენ ამ რეკომენდაციებს და დროულად გადადგან ნაბიჯები, რადგან ეს ადამიანები ისედაც საკმარისად დაზარალდნენ და მოლოდინის რეჟიმში აღარ იყვნენ“ – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, საგამოძებო კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, ამ საქმის ფარგლებში შსს-ს მხრიდან მომავალ ქმედებებზე წინასწარ საუბარი მისთვის, ასევე დაზარალებული ოჯახებისთვის არადამაკმაყოფილებელია.

„კეთილი ინებონ და დროულად, რაც შეიძლება მალე საქმე მიიყვანონ ბოლომდე და გახსნან, ასევე დასაჯონ ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ და ხელს აფარებდნენ  დანაშაულს“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ  ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისიის საქმიანობა პოლიტიკური განწყობებისგან სრულად დაცლილი ვერ იქნება, თუმცა დასკვნა დასახულ მიზანს პასუხობს. ამასთან, განცხადება მთავრობისა და პარლამენტისადმი რამდენიმე მოწოდებას მოიცავს.

იტვირთბა....