აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წელს შტატები 30 000-მდე ლტოლვილს მიიღებს.
ხელისუფლების მიერ ლტოლვილების მიღებაზე დაწესებული ლიმიტი 15 000-ით მცირდება. 2018 ფისკალურ წელს აშშ-ს გათვალისწინებული ჰქონდა 45 000 ლტოლვილის მიღება.
„ჩვენ ვაპირებთ 30 000 ლტოლვილის განსახლებას ახალი ლიმიტის შესაბამისად, ასევე თავშესაფრის 280 000 მაძიებლის განაცხადის განხილვას” – აღნიშნა პომპეომ.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამჟამად აშშ-ის ტერიტორიაზე თავშესაფრის 800 000 მაძიებელია, რომლებიც თავიანთი განაცხადების განხილვას ელოდებიან.
მისი თქმით აშშ ყველაზე ხელგაშლილი ქვეყანაა მსოფლიოში, როდესაც საქმე ეხება დაცვაზე დაფუძნებულ იმიგრაციას.
2019 წლის ფისკალური წელი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იწყება. გასულ წელს დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების ლიმიტად 45 000 დაასახელა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანამ მიმდინარე წელს მხოლოდ 22 000-მდე ლტოლვილი მიიღო.