კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ კომენტარი გააკეთა მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომელიც კულტივაციასა და ექსპორტს ეხება. მისი თქმით, ხელისუფლებამ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედოს აღნიშნულ პროცესს.
„არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს“, – აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე.
“ეს საშიშია, რადგან სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად შემოსავალი ექნება ქვეყანას, რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესია, ხალხი ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი. ღმერთმა მოგცეთ მადლი. ღმერთთმა მისცეს მადლი საქართველოს და ყოველ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ამ სენით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას, იმათ არანაკლებად უყვარს, არანაკლებად სტკივა გული. იმედია, რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი, მშვიდობით“,- განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, კანაფის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სადისკუსიოდ, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვარგავროვანი რეაქცია მოჰყვა, გუშინ გვიან ღამემდე საპატრიარქოში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.