სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულები ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი RT-სთვის მიცემულ ინტერვიუს შემდეგ გაუჩინარდნენ. ამის შესახებ ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა.
ინტერვიუში პეტროვმა და ბოშიროვმა პირობა დადეს, რომ სიმონიანს ინგლისში მოგზაურობის ამსახველ სურათებს გადასცემდნენ.
„ნომერზე რომლიდანაც დამიკავშირდნენ გადავრეკე, თუმცა ის გამორთულია. მითხრეს, თუ იპოვიან ფოტოებს, გამომიგზავნიან, თუმცა ჯერ კიდევ ველოდები“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ტელეკომპანია RT-ს მიერ ჩაწერილ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ბრალდებულები ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობენ.
ოფიციალური ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ეს ინტერვიუ არის კარგი მაგალითი “საკითხში დამაბნეველობის შეტანისა და რუსეთის მხრიდან ტყუილის” ტირაჟირების.
“ბრიტანეთის მთავრობისთვის უკვე გასაგებია და ფაქტია, რომ რუსეთის სამხედრო აგენტებმა ბრიტანეთის ქუჩებში გამოიყენეს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება” – ამის შესახებ “რია ნოვსტის” ბრიტანეთის ოფიციალური უწყების წარმომადგენელმა განუცხადა.
ტელეკომპანია RT-ს რედაქტორთან საუბრის დროს სკრიპალის მკვლელობაში ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ ისინი იყვნენ ბრიტანეთში როგორც ტურისტები, არაფერი იცოდნენ და გაეგოთ სკრიპალის შესახებ და ბიზნესს ეწევიან ფიტნეს-ინდისტრიაში. რუსულ მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელმაც თითქოს უნდა დაადასტუროს, რომ ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი ქუჩაში ტურისტებივით დადიან.
საკმაოდ უცნაური ინტერვიუ შედგა რუსულ ტელეკომპოანია RT-ზე, რომლის რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ბრალდებული რუსი მოქალაქეები, ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი თავად დაუკავშირდნენ.
თავდაპირველად, ბრალდებულებმა თავიანთი სახელების და გვარების რეალობა დაადასტურეს. მათ განაცხადეს, რომ ნამდვილად იყვნენ ბრიტანეთში, თუმცა არა სამსახურებრივი მივლინებით, არამედ დასასვენებლად, უფრო სწორად იმიტომ, რომ მათი სიტყვებითვე რომ ვთქვათ, “გარემოსგან მოსაწყვეტად”.
“4 რიცხვში ჩვენ დავბრუნდით, იმიტომ რომ ლონდონში თბილი ამინდი იყო. მიზანმიმართულად გვინდოდა ბრიტანული ღირშესანიშნაობების ნახვა. გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ეს 4 რიცხვში” – აცხადებენ ბრალდებულები და ამტკიცებენ, რომ არანაირი საწამლავი ნივთიერება არ ჩაუტანიათ ლონდოში და საერთოდ, არც კი იცოდნენ სად ცხოვრობდა სკრიპალი.
უცნაურია, თავდაპირველად მათ თავიდანვე, ინტერვიუმდე წამოაყენეს პირობები, რომ ჩაეწერებოდნენ მედიას იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ აღმოჩნდებოდნენ ხალხმრავალ ადგილას, იქნებოდა მხოლოდ ერთი კამერა და რაც მთავარია, არ უნდა დასმულიყო ისეთი შეკითხვები, რომლებიც დაკავშირებული იყო მათ წარსულ მოღვაწეობასთან.
“არ გვინდა ჟურნალისტებმა ქექვა დაიწყონ” – ასეთი იყო მათი არგუმენტი.
ისე დასრულდა ინტერვიუ, რომ ზედმეტი კითხვები არ დასმულა და უფრო მეტიც, დეტალებზე არანაირი ყურადღება არ გამახვილებულა.
შეგახსენებთ, რუსეთის ორ მოქალაქეს სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა ედებათ ბრალად. რუსული მხარე ამ საქმეში თანამონაწილეობას უარყოფს. არადა, ეს საქმე გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ რუსეთისთვის ახალი სანქციები დაეკისრებინათ.