ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შესაძლოა, ხალხის დიდმა ნაწილმა ზურაბიშვილს ხმა არ მისცეს მისი განცხადებების გამო”

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით შეაფასა და განაცხადა, რომ ხალხის დიდმა ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს, შესაძლოა, ხმა არ მისცეს მისი განცხადებების გამო.

როგორც საყვარელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა გავლენა იქონიოს საპრეზიდენტო არჩევნებზე და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა მან ვერ მოიპოვოს.

„ქართულმა ოცნებამ“ როგორც კი გადაწყვიტა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, მის ამ განცხადებებს მიაყოლა, რომ ჩვენც იგივე პოზიცია გვაქვსო, ანუ გაამყარა ზურაბიშვილის პოზიცია. ეს განცხადებები, ქართულ სტერეოტიპებში თავისთავად მიუღებელია… სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, შეიძლება უფრო შორს მიმავალი მიზანი აქვს. ანალოგიური არის ტალიავინის კომისიის განცხადება 2008 წლის ომთან დაკავშირებით. კომისიამ თქვა, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აქვსო. სალომე ზურაბიშვილის განცხადება აკეთებს იმ მანევრს, რომ მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და ყველაფერს ავტომატურად არ ვაბრალებ რუსეთს, თუმცა არ უნდა ამ საზოგადოებას არაფრის თავის თავზე აღება და ყველაფერი მიუღებლად მიაჩნია, თუ კი ვინმემ თქვა, რომ ქართველი არასწორად მოიქცა“ – განაცხადა საყვარელიძემ .

ამასთან პოლიტოლოგმა ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა, რომელსაც მისივე თქმით, რუსული ინტერესების დასაკმაყოფილებლად ყველანაირი ნაბიჯი აქვს გადადგმული.

„პრეზიდენტები მიდიან და იმათი კრიტიკაც კი არ ისმის. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ერთ-ერთ პოლიტიკოსთან გვქონდა მსჯელობა – სააკაშვილს ყველა ნაბიჯი აქვს გადადგმული რუსების ინტერესები დააკმაყოფილოს, მათ შორის, 2008 წლის ომში-მეთქი. ვკითხე, რატომ არ მსჯელობთ ამაზე-მეთქი?! მან მიპასუხა, ჩვენს პრეზიდენტზე ეს როგორ ვთქვაო?! ე.ი ჩვენი და არაჩვენი ისევ ხდება ქართველის შეფასების წამყვანი პარამეტრი. ქართველზე თუ ამბობ ცუდს, ცუდია, ხოლო სხვაზე, რაც არ უნდა თქვა, მისაღებია. ასე რომ ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის ამ დამოკიდებულებაში ქართული ხასიათის ეს მხარე გამოჩნდა. ამასთან, რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის იმას, რომ ხალხის დიდმა ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა ხმა არ მისცეს ამ განცხადებების გამო, თუმცა ზურაბიშვილმაც არ იეშმაკა, კახურად, რასაც ფიქრობდა ის თქვა. მას რომ გაეთვალისწინებინა არჩევნების ხასიათი და ქართული ხასიათი, წესით მას ამ თემებისათვის სიმწვავე არ უნდა მიეცა. მან შესაძლოა ამის გამო ხმები დაკარგოს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან მიმართებაში განცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა საკუთარი ტერიტორია.

იტვირთბა....