ჩვენ, ეკონომიკურად, ცალსახად განვითარებადი სახელმწიფო ვართ. ძალიან დიდი ხანია ჩვენ გვესმოდა და გვესმის დაპირება, რომ აქ აგუგუნდება ქარხნები, მაგრამ ეს ვერ ვნახეთ. ეკონომიკური განვითარებისთვის შეიძლება, გაკეთდეს უამრავი რამ. არსებობს წარმატების ბევრი მოდელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს ადეკვატურად გამოიყენებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “მეტრონომს” განუცხადა.
დოლიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სრული დეკრიმინალიზაციის მომხრეა, არსებობს ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს.
“იმის წარმოდგენა, რომ ამ მხრივ, ერთადერთი გზა არის კანაფის წარმოება, მოყვანა და ექსპორტი ნიშნავს, რომ ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შეუფასებლობა. ათასი რამის გაკეთება შეიძლება. დაწყებული ტურიზმით, დამთავრბეული სოფლის მეურნეობითა და ახალი ტექნოლოგიებით, რომლის ამუშავებაც შეიძლება, რომ გყვავდეს კარგი ლიდერობა.
რაც შეეხება კანაფს, თქვენთან ინტერვიუშიც მაქვს ნათქვამი, რომ ვარ დეკრიმინალიზაციის სრული მომხრე და ამ სფეროს ჩემზე მაგარი მხარდამჭერი არასდროს ყავდა. იმ გაგებით ვამბობ, რომ ადამიანებს ციხე რომ არ ქონდათ შორიდან ნანახი, იქ დავდიოდი დიდი ხანია. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ კანაფის მოყვანა არის ეკონომიკური გარღვევის ერთადერთი საშუალება. პირიქით, ამაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომელთაც თავის შესაძლებლობების რეალიზება სხვა სფეროებში ვერ მოახდინეს.
მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მომგებიანი იატაკქვეშეთა ბიზნესია ორგანოებით ვაჭრობა. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია. იმიტომ, რომ ამორალურია, კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. თუ იმდენად ხელმოცარულები ვართ, რომ სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ, მაშინ იქნებ, ამაზეც ეფიქრათ, რომ მოდით, ორგანოებით ვაჭრობა დავუშვათ. იცით, ტურისტების როგორ ზრდას გამოიწვევს? მსოფლიოში ორგანოები არ იშოვება, ჩამოვლენ და აქ, ჩვენი საწყალი და ღარიბი ხალხისგან იყიდიან. თუ შემოქმედებითი ხარ, სხვადასხვა ტექნოლოგიების განვითარება შეგიძლია, ხალხი მზის ენერგიაზე ფიქრობს და თუ ამას ვერ აკეთებ, იწყებ ფიქრს ისეთ რამეზე, რაც უცებ გამდიდრებას მოგიტანს, რომელიც შეიძლება, შენი კულტურისთვის, იდენტობისთვის და მორალისთვის მისაღები არ იყოს”, – განაცხადა დოლიძემ.
გუშინ ანა დოლიძემ განაცხადა: “შეშფოთებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში ვაზის ნაცვლად უნდა დაიწყოს კანაფის წარმოება. ეს ჯერ რუსეთის იმპერიის დროს გააკეთეს და არ მგონია, რომ საშუალება უნდა მივცეთ, იქ, სადაც დღეს ჩვენ ვენახებს ვახარებთ, ამის მაგივრად ვიღაცამ კანაფი გაახაროს, რათა შემდეგ გაყიდოს”.
საზოგადოების ნაწილმა დოლიძე ამ განცხადების გამო გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო გუნდს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მარიხუანასგან წარმოებული მედიკამენტები უცხოეთში ექსპორტზე გავა.