ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სუიციდის შემთხვევები: საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც “მეტრონომმა” შსს-დან გამოითხოვა

ბოლო დროს გახშირებული თვითმკვლელობების გამო “მეტრონომმა” შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა, რომელიც სუიციდის შემთხვევებს და მცდელობების სტატისტიკას ასახავს. დავინტერესდით, პირველ რიგში სტატისტიკით და შემდეგ სპეციალისტების აზრით, თუ რატომ გახშირდა ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები.

კვლევა მოიცავს 2017 წლისა და 2018 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს. 2017 წელს დაფიქსირდა 361 სუიციდის შემთხვევა, ხოლო სუიციდის მცდელობის 263 ფაქტი. რაც შეეხება 2018 წელს, ოფიციალურად დაფიქსირებულია 202 ფაქტი, ხოლო სუიციდის მცდელობის 234 შემთხვევა.

ამ ინფორმაციის მცირე ანალიზი იძლევა საშუალებას მდგომარეობა საგანგაშოდ მივიჩნიოთ, რადგან, თუკი პროპორციულად შევადარებთ, წინა წელთან შედარებით, 6 თვის მონაცემებით, უკვე 60 პროცენტით არის გაზრდილი სუციდის შემთხვევები, ხოლო მცდელობები თითქმის 90 პროცენტით…

სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე “მეტრონომი” ფსიქოლოგ ნონა ციხელაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმის მსგავსი შემთხვევების სტატისტიკის ზრდა ბევრი შეიძლება იყოს.

“ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საფუძვლიანი კვლევის გარეშე. ერთ-ერთი მიზეზი, საინფორმაციო საშუალებებით ამ თემაზე გახშირებული შემთხვევების გაშუქებაა. სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი იწერება, თუ ვინ მოკლა, რა სიტუაციაში, როგორ მოკლა და ა.შ. კითხულობს ახალგაზრდა და შეიძლება ის ადამიანი სწორედ იგივე მდგომარეობაში იყოს როგორშიც სუიციდის მსხვერპლი და მანაც გადადგას იგივე ნაბიჯი. ძალიან ბევრი მიზეზია, რატომაც შეიძლება ადამიანმა თვითმკვლელობა ჩაიდინოს, მაგრამ რა არის კონკრეტული მიზეზი, რამაც გაზარდა სუიციდის რაოდენობა ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ჩაღრმავება. სახელმწიფო უნდა აკეთებდეს ამ ტიპის შემთხვევების ანალიზს. ზრუნვის ნაკლებობა, ძალადობა, ბულინგი, ეკონომიკური გაჭირვების ნიადაგზე წარმოქმნილი პრობლემები ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურ კავშირშია ” – აცხადებს “მეტრონომთან” ფსიქოლოგი.

“მეტრონომი” დაუკავშირდა მამა პეტრეს, რომელიც ამბობს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები თვითმკვლელობებთან დაკავშირებით საგანგაშოა, მითუმეტეს, როცა მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან.

მამა პეტრე: “სუიციდთან დაკაცშირებით საგანგაშო მდგომარეობაა, ვინაიდან უმეტესად ამ ფორმას მიმართავენ ახალგაზრდები, განსაკუთრებით თინეიჯერები. ეკლესიის წიაღშიც რამდენჯერმე დაფიქსირდა სუიციდის ფაქტი… მგალობელი, აღმსარებელი, სტიქაროსანიც კი ყოფილა ადამიანი, რომელსაც თვითმკვლელობისთვის მიუმართავს. მნიშვნელოვანია აღმსარებელი რამდენად გახსნილია სასულიერო პირთან და რას და როგორ უყვება. თუ აღსარების დროს ადამიანი ვერ საუბრობს გახსნილად მამაოსთან, ეს მხოლოდ იმ თვითმკვლელის ბრალი არა არის. გარკვეულწილად ესაა საზოგადოების და სასულიერო პირების ბრალიც, მას არ უნდა ჰქონდეს იმის შიში მამოსთან ურთიერთობის დროს, რომ ყველაფერი არ  უთხრას, არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ მამაომ შეიძლება ტაძრიდან გააგდოს, ან შეურაცხყოფა მიაყენოს, სწორედ ეს იწვევს რიგ პრობლემებს.

საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული აზრის გამო გარიყული ადამიანები. თუკი ეკლესიაში მოსული ადამიანი მიმართავს თვითმკვლელობას, ისმის კითხვა – სადაა ხსნა?  ხსნა აუცილებლად ეკლესიაშია, უბრალოდ ჩვენ უნდა გავარკვიოთ საკუთარ თავში ეკლესიაში მოვდივართ დასათვალიერებლად თუ იმისათვის, რომ მართლა გვეშველოს. ბოლომდე უნდა გავეხსნათ სასულიერო პირს, მივენდოთ უფალს და ჩვენს პრობლემებზე აუცილებლად ვისაუბროთ. ეს იგივეა რაც ადამიანი მიდიოდეს ექიმთან აწუხებდეს გული და უთხარს რომ კუჭი ტკივა, შემდეგ კი გულით გარდაიცვალოს“ – განაცხადა მამა პეტრემ.

რედაქციისგან: ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ხელისუფლება სათანადოდ განსჯის და შეისწავლის სუიციდის შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკას და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს მსგავსი შემთხვევების გაანალიზებას პრევენციული ზომების მისაღებად.

ანინა ზაბახიძე

იტვირთბა....