პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებობს ორი ალტერნატივა – ერთი არის შავი ბაზარი, რომელმაც ვერ უნდა გაბედოს და ვერ უნდა მოამარაგოს მომხმარებელი, მეორე არის მკაცრი რეგულირება.
“ჩვენ ახლა მნიშვნელოვან თემას ვიხილავთ – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეხებით. პირადად ჩემი მოსაზრება ამ გადაწყვეტილების მიმართ არის ნეგატიური, მაგრამ გვაქვს ეს მოცემულობა. ამ მოცემულობას ან უნდა დავუპირისპიროთ რეგულაცია, ან უნდა მივუშვათ და გავხადოთ ეს საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტი. მართალს მოგვახსენებს არა მარტო ჩვენი ეკლესია, არამედ, სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც, რომლებიც აქ საკმაოდ წარმომადგენლობით არიან და საკმაოდ ინტენსივობით გამოდიან ამ უბედურების წინააღმდეგ, რომელსაც ნარკომანია ჰქვია, ამ შემთხვევაში კი კანაფის მოხმარებაზე გვაქვს საუბარი. მაგრამ ეს თემა თუ კანონით არ დავარეგულირეთ, ჩვენ გაგვექცევა ეს სიტუაცია ხელიდან. ამიტომ ეს მითქმა-მოთქმა ჩვენი ბრალია. ვიღაცა ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოს და სიმინდს შეადარა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატულებაა იმ კანონმდებლების, რომლებიც პარლამენტის დარბაზში არიან წარმოდგენილნი.
ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ მოიხმაროს კანაფი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული შეზღუდვები და კანონიერი ზემოქმედება ემუქრება დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვით და ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ახალგაზრდები არიან შეკრებილი, მოხმარება ისჯება კანონით და უნდა იცოდეს, რომ მიწოდება არ არის დაშვებული, ანუ ლეგალიზაციაზე ლაპარაკი არ არის.
ხალხმა არ იცის, რა ხდება. გუშინ მამაო მეუბნებოდა, აღსარებაშიც კი ამბობენ, რომ მოვიხმარო. იმიტომ, რომ არ იციან ეს სიტუაცია რაში შეიძლება გადაიზარდოს. პასუხისმგებლობა დიდია.
მეორე საკითხი, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის მოცემულობა, ამაზე შეიძლება იურისტები დასხდნენ და სხვა კონფერენცია ჩაატარონ და იმსჯელონ. ჩვენ დღეს გვინდა სასწრაფო ზომების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკიმ ასევე ისაუბრა მარიხუანას მოყვანასა და რელიზებაზე.
“ზოგმა კოსმეტიკა ახსენა და იმ წუთში წამოვიდა ირონიული შეფასებები – ჰო, კოსმეტიკა სახეზე წაისვით და შეიზილეთ. აქ მთავარი თემაა გადამუშავების საკითხი, რომელსაც ასევე ალბათ, სპეციალისტები უნდა აფასებდნენ, ვიდრე მე. რეალურად ჩვენ ალტერნატივა გვაქვს ორი – ერთი არის შავი ბაზარი, რომელმაც ვერ უნდა გაბედოს და ვერ უნდა მოამარაგოს მომხმარებელი, მეორე ალტერნატივა არის ის, რასაც ჰქვია მკაცრი რეგულირება. სხვა ალტერნატივა არის, რომ გამოხვიდე და დასაჯო იმდენად, რომ ამოვვარდეთ საერთოდ ლოგიკიდან და იმ პრინციპებიდან, რომელსაც ეკლესია უდგება, რომ ადამიანის უნდა იყო ლიბერალური, მაგრამ რეალურად ერთი რამ სწორი ითქვა ამ ტრიბუნიდან, რომ შენ უნდა გქონდეს გამაჯანსაღებელი სერვისები, სამწუხაროდ, ამაში ჩამოვრჩებით. აქ გადასახადების გადამხდელებზე იყო საუბარი, რეალურად, საქართველოში საგადასახადო გადამხდელები გაცილებით ნაკლებია იმ ნარკოტიკების მომხმარებლებზე”,- განაცხადა ვოლსკიმ.