ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ასე არასდროს შემრცხვენია საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების გამო, ხაზს ვუსვამ – არასდროს”

„რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “თავდაყირა მსოფლიო 2018″ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების შერცხვა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ასეთი ტიპის ფორუმებზე კარგად ჩანს ადამიანის უვიცობა.

„უბრალოდ შემრცხვა მართლა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. ასეთ წარმომადგენლობით ფორუმზე ძალიან მკაფიოდ ჩანს ხოლმე, რომ ადამიანები არიან უბრალოდ უვიცები პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში პრემიერ მინისტრს, სამწუხაროდ, ეს ძალიან მკაფიოდ ეტყობოდა. ჩვენ კი ვიცით ქვეყნის შიგნით, რომ პრემიერ მინისტრი მარტო იმიტომ არის პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილს არ შეეწინააღმდეგოს, მაგრამ ქვეყნის გარედან ჩამოსული ამდენი სტუმრის თვალწინ, ამის მოსმენა მაინც ძალიან მძიმე იყო.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას, ისიც იყო აბსოლუტურად დაზეპირებული მესიჯბოქსი, თუმცა, ვერ შევადარებთ პრემიერ მინისტრის გამოსვლას, კიდევ რაღაცას ჰგავდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში ფაქტები, რომელზეც საუბარი იყო, გაყალბებულია. თითქოს რამე სტატისტიკა, ან საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ საქართველო რამეში წინ წავიდა, ეს ასე არ არის, ტყუილია, მათ შორის, მედიის თვალსაზრისითაც სერიოზული უკუსვლა გვაქვს, წინა წლებთან შედარებით, როცა ასევე არ იყო მაღალ ხარისხში არც მედიის თავისუფლება, ასევე მაგალითად, სასამართლო სისტემა, მაგრამ ამ მიმართულებითაც სერიოზული უკუსვლაა, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებით.

რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო პასუხი ნატოსთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. როცა ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ ეს იქნება დამოკიდებული საერთაშორისო გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ეს არის კატასტროფა. გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, ეს უნდა იყოს დამოკიდებული საქართველოს გადაწყვეტილებაზე და საქართველოს მისწრაფებაზე ნატოსკენ – ეს უნდა თქვას საქართველოს ხელისუფალმა და არა ის, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია გადაწყვეტს თურმე, ჩვენ ვიქნებით თუ არა ნატოს წევრები. გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში ამას არასდროს გადაწყვეტს იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მეზობელი, ყველაზე დიდი მეზობელი – რუსეთი იქნება ყოველთვის მკაფიოდ ამის წინააღმდეგი. და თუ ჩვენი ხელისუფლება ელოდება, რუსეთი როდის იქნება ამის მომხრე, ამას სხვა რამე ჰქვია, ძალიან დიდი ბოდიში. ჩვენი ხელისუფლება არის მხოლოდ დეკლარირების დონეზე პროდასავლური. სინამდვილეში, ის აბსოლუტურად მკაფიოდ ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში. ეს სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. ამ რეალობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი გზით – ხელისუფლების გამოცვლით საქართველოში” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.

იტვირთბა....