ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბერძენიშვილი: “ივანიშვილი აკნინებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს- ფორმითაც, შინაარსითაც და კარიკატურული საპრეზიდენტო კანდიდატურითაც”

“რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. ბერძენიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ბიძინას მორიგი აკვიატებაა, ხოლო მომავალი არჩევნები მასკარადი იქნება.

“არც ლიდერი ოპოზიციური კანდიდატია, რომლისთვისაც საპროტესტო ელექტორატის გამოკვეთილი უმრავლესობა იბრძოლებდა და არც ღირებულებითი ნიშნით წარდგენილი კანდიდატებია, ვისაც საკუთარ ორიენტირად მიიჩნევდა ლიბერალი, კონსერვატორი, მწვანე თუ სოციალისტი ამომრჩეველი.

ეს სახელისუფლებო “დამოუკიდებელი” სალომე ხომ ბიძინას მორიგი აკვიატებაა…რა ვალი აქვს ასეთი საფრანგეთის ან სალომესი?! 2013- ში სალომე სპეციალურად ჩამოფრინდა საქართველოში და ბიძინას შესთავაზა საკუთარი თავი- მზად ვარ პრეზიდენტობისთვისო. ეს მაშინ ისევე ღიმილისმომგვრელი არასერიოზულობა იყო, როგორც ახლა გიორგი შენგელაიას შეთავაზება( ბ- ნი გიორგი დიდი ხელოვანია, ესაა მთავარი ჩვენთვის და ხო არც გავღიზიანდით მაინცდამაინც მის ამ ქმედებაზე, სალომეზეც გაგვეღიმა მაშინ…ბიძინასაც. შეიძლება, შეპირდა მაშინ, სხვა დროსო და ეს დროც რო მოვიდა სიტყვის დაცვა მოთხოვეს?

ივანიშვილის უპასუხისმგებლო პერსონალური მმართველობა გვიანი ბრეჟნევის ფაზაში გადადის. ბოლო ვადის შევარდნაძის თუ მიშას ტოლფასია.

ივანიშვილი აკნინებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს- ფორმითაც და შინაარსითაც. კარიკატურული კანდიდატითაც.

28 ოქტომბერს რაც იქნება, ის არჩევნები არაა. მასკარადია. და არა მხოლოდ სახელისუფლებო კანდიდატია კარიკატურული.

28 ოქტომბრის ტაშფანდურით მთავრდება ბიძინას ეპოქა საქართველოში…მისი მიხრწნილი ხელისუფლება წინამორბედების კვალს მიჰყვება. მ რ ა ვ ა პ ა რ ტ ი უ ლ ო ბ ი დ ა ნ ე რ თ პ ა რ ტ ი უ ლ ო ბ ი ს კ ე ნ ! ესაა პოსტსაბჭოთა საქართველოს უკლებლივ ყველა ხელისუფლის პოლიტიკური გზა…გზა მათივე პოლიტიკური კრახისკენ. გამონაკლისის გარეშე. ყოველ მომდევნოს ჰგონია, რომ მას გამოუვა. რას იზამ, ინტელექტის პრობლემაა.

ქვეყანა კი ზარალდება, მაგრამ შეფერხებების ფონზე მაინც მიღოღავს წინ. საზოგადოება ჯობია ხელისუფლებას და იმიტომ.

ჰოდა, არაა ეს ჩვენი საზოგადოების არჩევნები. ეს არცაა არჩევნები. რეგრესია და არა პროგრესი.

28 ოქტომბრის ღონისძიებაზე ნახელისუფლარი განაყოფები ერთმანეთს ექიშპებიან, ერთი- ორი კანდიდატი პოლიტიკურ ხავსს ეჭიდება, ზოგიც( კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით) დამკვირვებელთა ფინანსებს მოიხმარს…..

ამიტომაც, რაკი არც გამაერთიანებელი, ლიდერი ოპოზიციური კანდიდატი გვყავს და არც ღირებულებითი კანდიდატები, არაა ეს კამპანია ჩვენი, პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების პოლიტიკური არჩევანი .

დავტოვოთ ბიძინა და მისი თანამგზავრები ერთმანეთთან….მსუყე ფინანსებიანი ოპოზიცია არაა ჩემთვის სანდო, არ ვხედავ მათში პროგრესულ ძალას. მიშას უფროსობით მოქმედი ჯგუფიც ხომ მილევად რეჟიმშია. ცალკეული წესიერი და კვალიფიციური ადამიანები კი ყველგანაა…..ბიძინას რომ 2012- ის ღირებულებებისგან განდგმომას საყვედურობენ მორცხვად, ბიძინაზე უფრო ბიძინისტობას და ქოცებზე მეტად ქოცობას რო იბრალებენ, ან გულწრფელები არ არიან, ან კვალიფიკაციის პრობლემა დადგომიათ – ბიძინას, მიშას, ედიკას, ზვიადსაც გახელისუფლებისთვის სჭირდებოდათ კოალიციურობის და პლურალიზმის ნიშნები და არა ღირებულებებისთვის….და ეს პარტნიორებმაც კარგად იცოდნენ- ყოველ შემთხვევაში, პარტიული და სახელმწიფოებრივი ინტერესების მქონე პარტნიორებმა ნამდვილად ვიცოდით. და არც ერთის ვალი არ გამოგვყოლია.

ჩემს მოკრძალებულ, პერსონალურ პოზიციას გამოვხატავ – ბიძინას ეპოქის პოზიტივი 2014- ში დასრულდა. მას მერე ბიძინას სისტემაში დარჩენისთვის რესპუბლიკელები საჩვენო ამომრჩეველმა მკაცრად დაგვსაჯა, სამართლიანადაც.
ამჟამად ჩვენ არ შეგვწევს ძალა, ბიძინას სისტემას- მას და მის თანამგზავრებს სხვადასხვა ორბიტაზე- გავეჯიბროთ. ამიტომაც გავატარებთ 28 ოქტომბრის ღონისძიებას. შეფასებებს კი არ მოვერიდებით. ფსევდოსახელისუფლებო კანდიდატი, ფსევდოოპონენტები, ფსევდოპლურალისტური გარემო…..

საპარლამენტო არჩევნებისთვის ვეცდებით, ივანიშვილის და მისი თანამგზავრების სისტემის მრავალპარტიულობით( და არა ახალი ვარსკვლაბიჭუნათი) დამარცხებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი”, – წერს ბერძენიშვილი.

იტვირთბა....