ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული

“საქართველოს ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერიას” გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ მიუღებელი და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადებიდან თავი აირიდოს. მაჭავარიანის თქმით, ეს არის ხალხის ფული, შესაბამისად მოუწოდებს კომპანიას, რომ გადაიხადონ.

“ყველანაირი შეთავაზება იყო მათ მიმართ, რამდენჯერმე შევთავაზეთ გრაფიკი, თან ისეთი, როგორიც მათ მოითხოვეს, მაგრამ არც ერთხელ არ შეასრულეს. შესაბამისად, არანაირი კავშირი ამას მედიასთან არა აქვს, ეს არის სრული სპეკულაცია“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას” მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

იტვირთბა....