საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხად, რომ „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სრულად იზიარებს.
„ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტება მის განცხადებებთან დაკავშირებით და მისი განმარტება შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოზიციას,“ – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის პოზიციას ემთხვევა.
„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, ის იყო შესაბამისად ომის ინიციატორი, მისი სცენარით წარმიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, თუმცა, ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც განახორციელა, სამწუხაროდ, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ. რომ არა ავანტურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურება, ვერ შეძლებდა რუსეთის ფედერაცია ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მისი დაზუსტება, მისი დაკონკრეტება და ეს სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ ირაკლი კობახიძემ.