ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“მომეცით ექვსი თვე და დაგიბრუნდებათ ძველი ლარი”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადეით, ლარის გაუფასურებაში ბრალს მთავრობას და ეროვნულ ბანკს სდებს. იგი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა ეკონომიკა ოთხი პროცენტით იზრდება, ბანკების დაკრედიტება ხაზინიდან და ეროვნული ბანკიდან კი 100%-ით, მიუღებელია.

„რაც ლარს დამართეს, ამაში პირდაპირაა დამნაშავე მთავრობა და ეროვნული ბანკი. მთავრობა დაუბალანსებელი ბიუჯეტითა და ბანკებზე ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტის მიცემის ავანტურისტული ინიციატივის გამო, ეროვნული ბანკი კი ასევე „იაფი ფულის“ პოლიტიკის წარმოებისათვის. გუშინწინ მთავრობამ ისევ მისცა ბანკებს 50 მილიონი. დღევანდელ აუქციონზე არც ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების სესხები.  სად გაგონილა, ეკონომიკა ოთხი პროცენტით იზრდებოდეს და ბანკების დაკრედიტება ხაზინიდან და ეროვნული ბანკიდან კი ასი პროცენტით?“-  წერს გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დეპუტატის აზრით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალდატანებით და წარუმატებლად დამთავრებულ ლარიზაციას თავისი წვლილი მიუძღვის ამ პროცესში. მან შვა ე. წ. „ერთთვიანი ღია ბაზრის ინსტრუმენტი“ -ეროვნული ბანკის 400 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი. იგი ერთჯერადი უნდა ყოფილიყო და გალარების პროგრამის დამთავრებისთანავე უნდა დაბრუნებულიყო. ასე არ მოხდა. გაუტკბათ იაფი ფული ბანკებს. დღემდე ხდება ამ „ინსტრუმენტით“ დაკრედიტება“, აცხადებს გოცირიძე და დასძენს, რომ „წლის ბოლომდე დარჩენილ თვენახევარში ბიუჯეტიდან დასახარჯია ორი მილიარდი ლარი. ესეც ძველი სენია. შეჭამა ქვეყანა ბიუროკრატიამ და უსარგებლო ხარჯებმა“.

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ „ხელისუფლებამ ვერ დასვა სწორი დიაგნოზი ან შეგნებულად იტყუებოდა. ლარის დევალვაცია მოლოდინებით ახსნა. მასე რომ ყოფილიყო, მისი მოხსნა მარტივად შეიძლებოდა რამდენიმე ინტერვენციით. პრობლემა უფრო ღრმაა“.

„თუნდაც ენერგეტიკა ავიღოთ: მზარდი სუბსიდირება, პოპულისტური სატარიფო პოლიტიკა და მთელი დარგის მიყვანა არარენტაბელობის ზღვრამდე. შუქის ფასს ჯერ კიდევ „ძველი“ დევალვაციის გამო გაზრდიან მალე, ლარის ახალ გაუფასურების ზარალს კი ისევ ენერგოკომპანიებს აკიდებენ ან სუბსიდირებას გაზრდიან. აბა როგორ, პრეზიდენტის არჩევნები მოდის“.

გოცირიძე ასევე ამბობს, რომ უკვე „საპენსიო ინიციატივებიც სასაცილოდ გამოიყურება“. „ორი თვის შემდეგ რა მოუვა ლარს და ფასებს ეს არ ვიცით და ორმოცი წელი უნდა ვანდოთ ამათნაირებს ფული? იმედი, რომ ასეთები მუდამ არ იქნებიან, კარგი საქონელია.

დაკარგა ქვეყნის ეკონომიკამ ის მოქნილობა, რომელიც მისი ლიბერალური მოწყობით ჰქონდა. გაიზარდა სახელმწიფოს ჩარევა, გაჩნდა მრავალი ახალი სახელმწიფო უწყება და რაც მთავარია, ქვეყანას მართავენ დაბალკვალიფიცირებული „ქართუს ბიჭები“ ( აქა-იქ გოგოებიც)“, წერს გოცირიძე და კითხულობს. თუ ლარის როგორი გაცვლის კურსია სამართლიანი? და პასუხსაც თავად სცემს: „იგი ორნაირი უნდა იყოს: ერთი იმათთვის, ვინც გულანთებული მომხრეა ქვეყნის ქართუზაციის, ჯიდიესიზაციის, კორკოტიზაციის და მეორე ყველა დანარჩენისათვის, მცირეოდენი კორექტირებით. ამ მცირე ნაწილს რუსულ რუბლზე დავსვამდი.

მომეცით ექვსი თვე და დაგიბრუნდებათ ძველი ლარი!

არარეალუსტურია? გეთანხმებით.

რეალისტური ისაა, რასაც ვხედავთ“ -აცხადებს  “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

იტვირთბა....