იუსტიციის სახლთან 54 წლის თამაზ ფუტკარაძე, რომელიც შმმ პირია, ბენზინის გადასხმითა და დაწვით იმუქრება. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
როგორც ფუტკარაძე აღნიშნავს, ამ მდგომარეობამდე ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს.
მისივე თქმით, ორი დღის წინ მას 700 ლარიანი ჯარიმა უკანონოდ გამოუწერეს, რის გაუქმებასაც ის დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან კატეგორიულად ითხოვს:
“გუშინ წინ ვიყავი გრიგოლეთში. ვიჯექი ბიძაშვილის მანქანაზე, გამაჩერეს, მერე მანქანა აქ გადმოიყვანეს, მითხრეს ის მომიყვანეთ, ვის სახელზეც ეს არის გაფორმებულიო, შეავსეს რაღაც დოკუმენტები, ჩვენ როგორც აგვიხსნეს, მანქანა რომ დაებრუნებინათ იმისთვის, რეალურად ხელი მოგვაწერინეს 700 ლარიან ჯარიმაზე. მე საიდან უნდა გადავიხადო ეს? ვითხოვ გააუქმონ ეს ჯარიმა, აღარ მინდა უკვე სიცოცხლე, ამათი ჯარიმების გადამკიდე 8 ათასი ლარი ვალი მაქვს” – განაცხადა ფუტკარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ის 2013 წელს ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას მოხმარების გამო (20 გრ) დააკავეს და სხვა სასჯელთან ერთად, 6 წლით მართვის უფლება ჩამოართვეს. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ქმედება დასაშვებად ცნო, ფუტკარაძემ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის ორგანოებს და პრეზიდენტს, რომ მართვის უფლებაზე ეს შეზღუდვა მოხსნილიყო, მაგრამ მის მოთხოვნას დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია.
“პრეზიდენტსაც მივმართე, ამათ რამდენჯერმე განცხადებით, მაგრამ, არავინ ყურადღებას არ მაქცევს, როცა პირობითი მომცეს, მაშინვე უნდა მოეხსნათ ეს აკრძალვა, მაგრამ არ გააკეთეს. ვიცი, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ამდენი ჯარიმა, ამდენი უსამართლობა, ვერარ ვიტან ამას უკვე. მირჩევნია თავი დავიწვა. ამ თანხების გადამხდელი მაინც არ ვარ”-ამბობს ფუტკარაძე.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს, რომელიც ფუტკარაძესთან პირადად ცდილობდა მოლაპარაკებას, გვეუბნება, რომ აუცილებელია სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვა, მართვის შეზღუდვასთან დაკავშირებით. რადგან, სხვა შემთხვევაში ისინი ვერაფერს შეცვლიან.