მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან გუშინ კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა. ამ ადგილას კლდის პირველი ჩამონგრევა 31 მაისს ,სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო მოხდა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა.
ადგილობრივების თქმით, მშენებლობა რამდენიმე დღის წინ განახლდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში მათ უთხრეს, რომ მშენებელ კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და ამ ეტაზე გამაგრებით სამუშაოებს ატარებდა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებსაიტზე, სადაც სამშენებლო ნებართვები და საპროექტო განაცხადები საჯაროდ თავსდება, ყიფიანის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს დოკუმენტაცია კლდის პირველი ჩამონგრევის შემდეგ არ განახლებულა, შესაბამისად, განახლებული გეოლოგიური დასკვნა და პროექტი, რომელიც შესაძლოა მშენებლობის განახლების საფუძველს იძლეოდეს, არ იძებნება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.