ტელეკომპანია “იბერია” საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა.
„ტელეკომპანია “იბერიას” ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ უწევს საგანგებო განცხადების გავრცელება. ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ,,იბერიას“ ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა.
ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, დახუროს ტელეკომპანია ,,იბერია“ და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ,,ომეგა ჯგუფზე“ ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩაიგდონ „ იბერია“. ჩვენ, ჟურნალისტები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება „ომეგა ჯგუფს“. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებსა და ჩვენს კოლეგებს, დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს ტელეკომპანიამ მაუწყებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.