ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აპატურაი – ნატო საქართველოს გვერდითაა

ქართველი ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს, მის გვერდითაა, გააგრძელებს მხარდაჭერას და გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო ალიანსს დაუახლოოს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, დააკმაყოფილოს ნატო-ში გაწევრიანების სტანდარტები. საქართველოს აქვს ყველა მექანიზმი მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად. ეს არის ის, რისი კონტროლიც ჩვენ შეგვიძლია. რისი კონტროლიც ჩვენ არ შეგვიძლია, არის პოლიტიკური განწყობა“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისი თქმით, ალიანსში დღეს არ არის კონსენსუსი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის.

„მივიღეთ მონტენეგრო, ვმუშაობთ მაკედონიაზე, რომელსაც მალე ახალი სახელი ექნება, რაც მათ დაეხმარება ნატო-ში გაწევრიანებაში და იმედი მაქვს, ევროკავშირშიც. მიუხედავად ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობაში არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა ორგანიზაციების გაფართოებაზე, მიუხედავად რუსეთის აქტიური ქმედებებისა, შეეწინააღმდეგონ, პრობლემები შექმნან, ნეგატიური განწყობები შექმნან იმ ქვეყნებში, რომლებიც მიისწრაფიან ნატო-სკენ, ჩვენ ვინარჩუნებთ ღია კარის პოლიტიკას და გვინდა ამ მიმართულებით წინსვლა. მესმის შეიძლება იყოს იმედგაცრუება, ვინაიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ქართველი ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს, მის გვერდითაა, გააგრძელებს მხარდაჭერას და გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო ალიანსს დაუახლოოს“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

იტვირთბა....