საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა, მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს,
მისი თქმით, რუსული „რბილი ძალა“ გამოწვევაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპული ცივილიზაციისთვის.
“რაც შეეხება „რბილ ძალას“ და პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის, ვფიქრობ, რომ ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის გამოწვევა მთელი დასავლეთისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო: ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა ბახტაძემ.