ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატი: “კობაურს ჩაუტარდება ექსპერტიზა, შეუძლია თუ არა სქესობრივი აქტის დამყარება”

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, შეუძლია თუ არა ბრალდებულ კობაურს, ზოგადად, სქესობრივი აქტის დამყარება.

ადვოკატის თქმით, შესაძლოა, საერთოდ გამოირიცხოს გაუპატიურების მცდელობის თეორიული ვერსიებიც კი.

“ჩვენ ამ კვირაში ჩანიშნული გვაქვს ექსპერტიზა და ჩატარდება მალხაზ კობაურის ჯანმრთელობის და ფიზიოლოგიური კომპლექსური კვლევა, რითაც დადგინდება, რამდენად აქვს მას შესაძლებლობა ზოგადად, სქესობრივი აქტის დამყარებისა და ამ შეკითხვაზე მტკიცე პასუხის გაცემა შემდგომში მყარად მოგვიწევს. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ საერთოდ, ამ კუთხით გამოირიცხება თეორიული ვერსიები გაუპატიურებაზე. ამ კვირაში ჩატარდება ეს ექსპერტიზა“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ასევე, ადვოკატის თქმით, კიდევ ერთი ექსპერტიზის ჩატარება იგეგმება, რომელიც რაიან სმიტისთვის მიყენებული სასიკვდილო გასროლის ტრაექტორიას დაადგენს.

“რაიან სმიტს სიცოცხელში, ანუ გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში მიყენებული აქვს 3-4 დაზიანება წვივისა და გულ-მკერდის არეში, ასევე იღლიასა და მუცელში. ლოგიკური ჯაჭვი რომ ავაგოთ, მდგომარეობა ასეთი იყო. გარკვეულმა პირმა თუ პირებმა, რომელებსაც მალხაზ კობაური მიუთითებს, ჯერ მიაყენეს დაზიანება და შემდგომ მოახდინეს რაიან სმიტის განზრახ მკვლელობა. მალხაზ კობაურის ჩვენებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ როცა რაიან სმიტი იყო მუხლებზე დაჩოქილი, ამ მომენტში მას რამდენიმე დარტყმა მიაყენეს.

უფრო ზუსტად, რაიან სმიტი როცა ფეხზე იდგა, პირველი დარტყმა უცხო პიროვნებამ მიაყენა წვივის არეში და ყვირილის და ტკივილის შემდეგ სმიტმა დაიჩოქა, რის მერეც მიაყენეს დაზიანებები. სხვაგვარი განვითარება უბრალოდ არ ჯდება ლოგიკაში, რადგან მალხაზ კობაურის აღნაგობა მოეხსენება საზოგადოებას და სრულიად წარმოუდგენელია, ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა რაიან სმიტისთვის და შემდეგ ზურგის არეში ესროლა. კონფლიქტის შემდეგ პირველი გასროლა განხორციელებულია სწორედ ზურგის არეში. ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს სასიკვდილო გასროლის ტრაექტორია, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზა, ვფიქრობ, ჩაინიშნება გამოძიების მიერ და დადგინდება უშუალო ტრაექტორია.

მალხაზ კობაური არის მსხვერპლი ამ დანაშაულში. მას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან. დაზიანებების არსებობა გამორიცხავს იმ რეალობას, რასაც გვთავაზობს გამოძიება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, იმ შემთხვევაში თუ სმიტები სხვა უცხო პირმა ან პირებმა მოკლეს, რატომ დატოვეს კობაური ცოცხალი, ადვოკატის ვერსიით, ეს შესაძლოა, გარკვეული გეგმაც იყო.

„ჩვენ ზუსტ ვერსიაზე, რატომ დატოვეს მოწმე, ამაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა გარკვეული ვერსიები არსებობს და თუ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, ეს ნიუანსები შეიძლება დაგეგმილი იყო შესაბამისი პირების ან სამსახურების მიერ. ეს შესაძლოა, იყო კვალის ასარევად“,- აღნიშნა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

იტვირთბა....