ვლადიმერ პუტინის დაფინანსებული საერთაშორისო ფორუმის 3 მონაწილე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
საქართველოში ჩამოსული იყო რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს “იტარტასის” სამხედრო კორესპონდენტი ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, გენადი ბოდრიუგოვი, და ბატონი ტოკარევი.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მისი თქმით, სუს-ი დაინტერესებულია რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებით საქართველოში გამართული მედიაკონფერენციით და თვალყურს ადევნებს მას.
“ეს რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი აგრესიული ფორმის გამოვლინებაა. როგორც წესი, ისინი ცდილობენ ხოლმე დაფარონ, როცა ასეთი ღონისძიებები ტარდება და თუ ახლა ღია ღონისძიება ტარდება, ეს საკმაოდ აგრესიული გამოხატულებაა პროპაგანდის.
უნდა აიკრძალოს თუ არა ის მედიასაშუალებები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს დილემა უდგას მთელ ევროპას. იქაც არის დისკუსია, უნდა აიკრძალოს თუ არა ის არხები, რომლებსაც რუსეთი იყნენებს მისი ინტერესების პროპაგანდირებისთვის. მიღებულია და ითვლება, რომ ასეთი მედიასაშუალებების დახურვა გამოსავალი არ არის, რადგან რუსეთი მაინც იპოვის სხვა გზას, რომ ინფორმაციის მიწოდების გზა იპოვოს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.