სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის ადვოკატის, ლექსო კობაიძის მტკიცებით, რაიან სმიტისთვის ჩატარებული ექსპერტიზა მალხაზ კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
კობაიძის ინფორმაციით, მოკლულ რაიან სმიტს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმადაც, სმიტის მიმართ განხორციელებული პირველი გასროლის ტრაექტორია „ზემოდან ქვემოთაა“. აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ ასეთი ტრაექტორიით გასროლას კობაური ვერ განახორციელებდა, რადგან ის სმიტზე დაბალია.
როგორც ადვოკატმა განმარტა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ რაიან სმიტს სიცოცხლის პერიოდში ჰქონდა მიყენებული სხვადასხვა დაზიანებები.
„ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვალებამდე, სიცოცხლის პერიოდში რაიან სმიტს მიაყენეს ბლაგვი საგნით დაზიანებები მუცლის არეში და ფეხებზე. ასევე წერია, რომ პირველი გასროლის ტრაექტორია არის ზემოდან ქვემოთ, შესაბამისად, ეს გამორიცხავს მალხაზ კობაურის მიერ დანაშაულის ჩადენას. კობაური რაიან სმიტზე დაბალია. რა გამოდის?! ჯერ იჭიდავეს კობაურმა და სმიტმა, მერე ადგა კობაური, ავიდა გორაკზე ერთი მეტრის ზემოთ და იქიდან ესროლა? – ეს არის წარმოუდგენელი ზღაპარი. ექსპერტიზის დასკვნა ამყარებს დაცვის ვერსიას და თავად კობაურის ნათქვამს, რომ ერთ პირთან სმიტმა იჭიდავა და მეორემ ამ დროს ესროლა ზურგში“, – განაცხადა ლექსო კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.
19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.