ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

იაპონიამ სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაამარტივა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა, რომ იაპონიამ გადაწყვიტა გაამარტივოს სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის

„ჩვენ ფუნდამენტურ ღირებულებებს ვიზიარებთ, როგორიც არის თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. გასულ წელს საქართველო და იაპონია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს აღნიშნავდნენ. მოხარული და კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებით. მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და იაპონიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გზები, რათა წინ წავწიოთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. იაპონია საქართველოსთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დიპლომატებს, იურისტებს და სხვა ექსპერტებს, რომლებიც მნიშვნელოვანი აქტორები არიან სახელმწიფო შენების პროცესში“ – განაცხადა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იაპონიამ ასევე გადაწყვიტა გაამარტივოს სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ხალხებს შორის გაცვლა და კონტაქტები განვითარდეს.

„გარდა ამისა, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ პოლიტიკურ დონეზე ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე საქართველოსა და იაპონიას შორის. ასევე გავცვალეთ ნოტები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესებაზე (ფაზა 2). ვფიქრობ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ლოგისტიკის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მინისტრ ზალკალიანს ავუხსენი იაპონიის მიდგომები კავკასიის რეგიონისადმი. კავკასიის რეგიონი კარია, რომელიც აერთიანებს აზიასა და ევროპას და ახლო აღმოსავლეთს. კავკასიაში სტაბილურობა არა მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის საკითხია, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. იაპონიას სურს კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავება, კავკასიის ინიციატივის კონცეფციის ჩამოყალიბების გზით. ეს ინიციატივა ორი მთავარი ელემენტისგან შედგება: ადამიანური რესურსების და სახელმწიფოს შენების განვითარებაში დახმარება და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება“, – დასძინა მან.

იტვირთბა....