რას აკრძალავდა საქართველოში, გაუსინჯავს თუ არა მარიხუანას გარდა სხვა ნარკოტიკი, რომელი წიგნი წაიკითხა ბოლოს და ა.შ. “მეტრონომმა” “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?
იაგო ხვიჩია: ძალადობას.
მეტრონომი: ღამის კლუბებში თუ დადიხართ?
იაგო ხვიჩია: ღამის კლუბებში, ბოლო პერიოდში იშვიათად დავდივარ, დრო არ მაქვს. თუმცა, მაგალითად, “ხიდზე” ვარ ნამყოფი. იდეალური არ იყო, მაგრამ ეს მთლად კლუბის ბრალი არ იყო. მეც არ ვიყავი სათანადო განწყობაზე. ისე, კარგი იყო.
მეტრონომი: ყველაზე დიდი პრობლემა თბილისში…
იაგო ხვიჩია: მე მგონი, რომ უფრო ქართულია რასაც ვიტყვი და ეს არის სიღარიბე. ჩვენ რომ ღარიბები არ ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენს ირგვლივ მდიდარი ხალხი დადის, აბსოლუტურად სხვა ხალისით ვიცხოვრებდით. ამიტომ, სწრაფად უნდა ვიშოვოთ ფული.
მეტრონომი: ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკოსი..
იაგო ხვიჩია: მე მივბაძავ ვახო მეგრელიშვილს და თინათინ ბოკუჩავა მახსენდება ამ შემთხვევაში.
მეტრონომი: გიორგი მარგველაშვილი რა ასოციაციას ტოვებს თქვენში?
იაგო ხვიჩია: კაცი, რომელსაც გართობა “ევასება”.
მეტრონომი: საპატრიარქოს უნდა ვუხადოთ თუ არა ფული სახელმწიფოს ბიუჯეტიდან?
იაგო ხვიჩია: არ უნდა ვუხადოთ ფული. საპატრიარქოს შემთხვევაში, მორალური დილემა იჩენს თავს. საპატრიარქოს ჩვენ ვუხდით კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლად ყოფნის ფულს და ამავდროულად, კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლი ვართ მთელი ერი. მე მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკლესიამ უდიდესი დანაკლისი და ზარალი განიცადა კომუნიზმის გამო, უფრო მეტი ზარალი განიცადა ქართველმა ერმა. უფრო დაზარალებული უხდის ასევე დაზარალებულს ფულს. ამიტომ, ეს არ მომწონს.
მეტრონომი: უნდა ვუხადოთ თუ არა ფული საზოგადოებრივ მაუწყებელს?
იაგო ხვიჩია: საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მავნებლობა და ფულს ვიხდით იქ მყოფი ხალხის დასასაქმებლად.
მეტრონომი: ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?
იაგო ხვიჩია: ბოლოს წავიკითხე წიგნი, როდესაც მთვრობის დამსახურებით ვიჯექი ციხეში. წავიკითხე “ვაცის ნადიმი” და აინ რენდის “ჩვენ ცოცხლები”.
მეტრონომი: მარიხუანას გარდა, სხვა ნარკოტიკი თუ გაგისინჯავთ?
იაგო ხვიჩია: კი გამისინჯავს. მე ნარკოპოლიტიკის აქტივისტი ვარ. ჩვენ, “გირჩი”, აქტიურად ვართ ჩაბმული ამ პროცესში და უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია, ვილაპარაკო ნარკოტიკებზე იმდენი, რამდენსაც ვლაპარაკობ თუ მხოლოდ მარიხუანა მექნებოდა გასინჯული.
მეტრონომი: რომელ პოლიტიკოსს ისურვებდით თქვენს პარტიაში?
იაგო ხვიჩია: ბევრჯერ უკითხავთ ეს. არ ვიცი, არავინ მეგულება ისეთი, ვისზეც ერთი სული მაქვს, რომ “გირჩში” გადმობარგდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში არავის ვაფასებ. ხელისუფლებაშიც არიან პოლიტიკოსები, ჩემი კოლეგები, რომელთაც მე პატივს ვცემ. ზოგადად, ეგრეც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ვკამათობთ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, თუ ყველას არა, ვიღაცას მაინც ჩვენი კოლეგებიდან.
მეტრონომი: ქართულ ჟურნალისტიკასა და ჟურნალისტებს როგორ დაახასიათებთ?
იაგო ხვიჩია: მე ქართველი ჟურნალისტები თვალში არ მეპატარავებიან. ჩვენ უფრო ვართ თავისუფალი საზოგადოება, ვიდრე ჩვენს სამეზობლოში ვიღაცებს აქვთ. ეს თავისთავად, დიდწილად, ჟურნალისტების დამსახურებაცაა. ქართველი ჟურნალისტების დამსახურებაცაა, საქართველოს მთავრობებს რაღაცები რომ არ გაუვიდათ, რასაც სიამოვნებით გააკეთებდნენ მაკონტროლებელი რომ არ ყოლოდათ. მართალია, ღარიბი ქვეყანა ვართ, ხარისხშიც ეს ყველაფერი აისახება. ჟურნალისტიკაშიც, ისევე როგორც სხვა სფეროში, შეიძლება დავინახოთ სისუსტეები, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, ზოგადი სურათი არ დავინახოთ. ზოგად სურათში ქართველი ჟურნალისტების დამსახურებაცაა.
მეტრონომი: ბოლოს “ფლეილისტში” რომელი სიმღერა დაამატეთ?
იაგო ხვიჩია: ბოლოს “ფლეილისტში” არაფერი დამიმატებია. აზიდ პაულის რომელიღაც ერთსაათიანი სეტია, რასაც ვუსმენ. სახელი არ მახსოვს.
მეტრონომი: წელს მესისა და “ბარსელონას” მთავარი კონკურენტები ვინ იქნებიან?
იაგო ხვიჩია: ზოგადად, მესის კონკურენტი არ ყავს. თუმცა, რასაც მეკითხები, მთავარი კონკურენტი ჩემპიონთა ლიგაზე იქნება “იუვენტუსი”, რადგან მესის მთავარი მეტოქე იქ გადავიდა. მადრიდის “რეალიც” არაფერს დათმობს უბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი კაცი გამოაკლდათ. შიდა კონკურენცია სწორედ “რეალთან” იქნება და არა “ატლეტიკოსთან”, როგორც ვარაუდობენ. “ჩემპიონთა ლიგაზე” კონკურენტი შეიძლება იყოს “სიტი” და “ბაიერნიც”. ასევე, შეიძლება იყოს “პსჟ”, მაგ გუნდიდან ყველაფრის აწყობა შეიძლება.
მეტრონომი: სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ქვეყნისთვის იქნება ცუდი, ნორმალური თუ კარგი?
იაგო ხვიჩია: საკმაოდ რთული კითხვაა. ზურაბიშვილი თუ გახდა პრეზიდენტი, მივიღებთ იდენტურ სიტუაციას, სადაც მთავრობა და პრეზიდენტი ერთი და იგივე ხალხია. “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო სავარძელში ყოფნა კარგი არაა. თან, როდესაც საქმე ზურაბიშვილს ეხება, ეს ყველაფერი ცოტა სასაცილო ხდება. გავიცინებთ ცოტას. ზურაბიშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში ცოტას გავერთობით. ხალხი იგრძნობს უკეთესობას-თქო, მაგის არ მჯერა. მაგის, მგონი, იმასაც არ ჯერა, ვინც ზურაბიშვილის კანდიდატურა დააყენა.
მეტრონომი: ყველაზე კომიკური დაპირება, რაც მოგისმენიათ?
იაგო ხვიჩია: მახსენდება წყალი უფასო, დენი 5 თეთრი, გაზი 10 თეთრი თუ რაღაც მსგავსი დაპირება იყო. “ქრისტიან-დემოკრატიულ” პარტიას ქონდა მსგავსი დაპირება. წყალი რახან ბევრი გვაქვს, უფასო უნდა ყოფილიყო და ა.შ. ყველაზე კარგი დაცინვა იყო ქართველი ერის მიმართ.
მეტრონომი: “გირჩის” სახელით რას ეტყოდით ამომრჩეველს?
იაგო ხვიჩია: ზედმეტი მიმართვა, მგონი, უხერხულია. ამომრჩეველს ვეტყვი, რომ პირველად არის მგონი, რომ არჩევანი არსებობს. ერთფეროვანი უსახური პოლიტიკური “ფეისებისგან” ავირჩიოთ ერთი, რომელსაც გამოკვეთილი სახე გააჩნია. წელს ქართველ ამომრჩეველს ამის საშუალება აქვს. მთავარია სწორედ დავინახოთ. ვფიქრობ, ჩვენ დაგვინახავენ. პოლიტიკურ ბაზარზე იყიდება ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც კლიენტებმა ანუ ამომრჩევლებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან.