ჰოლანდიელმა გამომძიებლებმა დაადგინეს ამსტერდამის რკინიგზის სადგურზე, რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმის მოტივი, რა დროსაც, თავდამსხმელმა დანით რამდენიმე ტურისტი დაჭრა. როგორც ირკვევა, თავდამსხმელი რელიგიური მოტივით მოქმედებდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლანდიური მედია ავრცელებს.
დაკავებულმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ჰოლანდიაში ხშირია მისი რელიგიის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტები.
“იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც თავდამსხმელმა დაკითხვის დროს გააკეთა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ჰქონდა ტერორისტული მოტივები, რის გამოც ჩამოვიდა კიდეც ის ჰოლანდიაში. მას სჯერა, რომ ჰოლანდიაში ხშირად შეურაცხყოფენ მის ღმერთ მუჰამედს, ალაჰს და ისლამს” – ასეთი განცხადება გაავრცელა ჰოლანდიის პროკურატურამ.
ბრალდებულმა მაგალითად მოიყვანა ჰოლანდიელი პოლიტიკოსი გერტა ვილდერსი, რომელიც ქვეყანაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსად ითვლება და რომელიც იყო ინიციატორი მოწყობილიყო ნახატების გამოფენა მუჰამედის გამოსახულებით.
თუკი ბრალდებულის მოტივი დადასტურდება, ეს იქნება შემოტევის პირველი შემთხვევა ბოლო 14 წლის განმავლობაში რადიკალი ისლამისტის მხრიდან – წერს გამოცემა LIFE.
შეგახსენებთ, შემთხვევა ამსტერდამის რკინიგზის სადგურზე 31 დეკემბერს მოხდა. 19 წლის ეჭვმიტანილმა, რომელიც წარმოშობით ავღანეთიდანაა და გერმანიის მოქალაქეობას ფლობს, დანით დაჭრა ორი ამერიკელი ტურისტი. ადგილობრივმა პოლიციამ ინციდენტის შემდეგ ცეცხლი გაუხსნა ეჭვმიტანილს და მოგვიანებით ის დააკავა.