საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტმა შრომის ახალი პირობები შესთავაზა, სამეურვეო საბჭოს წევრები ნინია კაკაბაძე და ქეთი მსხილაძე შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინია კაკაბაძემ განაცხადა, სამეურვეო საბჭო მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა.
„სამეურვეო საბჭო მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა და ვერ შეცვლის, თუმცა შეუძლია, უფრო მეტად იყოს ინფორმირებული. არა მხოლოდ მაუწყებელში, ასევე ქვეყანაში დიდი პრობლემაა კომუნიკაცია. არავინ უარყოფს, რომ შეიძლება მოხდეს ოპტიმიზაცია და თანამშრომლების დათხოვნა, თუმცა ნებისმიერ თანამშრომელს უნდა აუხსნა, რატომ ათავისუფლებ. სამეურვეო საბჭოს წევრებმა უნდა მივაღწიოთ, რომ კომუნიკაცია შედგეს და თანამშრომლებმა იცოდნენ ცვლილებების მიზეზი“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ამასთან, სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა პირველი არხის შენობასთან აქცია გამართეს და ვითარებაში გასარკვევად მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა მოითხოვეს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდნენ, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.